მთელი ღამის განმავლობაში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ონისე ოქრიაშვილის სახლთან, სადაც მას თავს დაესხნენ. დაზარალებულის თქმით, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის შემდეგ, ოქრიაშვილი საავადმყოფოში თავად მივიდა, გამოკვლევების შემდეგ კი კლინიკა დატოვა. მოგვიანებით, ოქრიაშვილი პოლიციამ გამოკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია ძალადობის ბრალდებით. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დანაშაულის ჩადენიდან მალევე კი პოლიციის სამმართველოში თავად გამოცხადდა.
ბრალდებულის ადვოკატი "კურიერთან" აცხადებს, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ონისე ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ცემისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ თვითონ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან. დაპირისპირება დაიწყო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ონისე ოქრიაშვილი, ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებული კომენტარით. მან ჰკითხა ონისე ოქრიაშვილის, - შენ ის არ ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე? მეტი საგინებელი ვერავინ ნახეო? მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩემი კლიენტი უკვე დაკავებულია. ველოდებით ბრალის წარდგენას. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს", - აცხადებს ადვოკატი შოთა მირველაშვილი.