22 ივლისი 2026,   22:47
ვრცლად
ხანგრძლივი გვალვები, მასშტაბური ტყის ხანძრები და რეკორდული ტემპერატურა ევროპის ქვეყნებში კრიტიკულ ვითარებას ქმნის - კონტინენტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისს უპირისპირდება

ბორცვები, მინდვრები, დასახლებები, ვენახები, ხილის ბაღები, ფერმები და სამრეწველო ზონა - საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ტყის ხანძარმა უკვე 2 550 ჰექტარი გაანადგურა. სტიქიას თითქმის ათასი მეხანძრე, მძიმე ტექნიკა და ავიაცია ებრძვის. ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ათასობით კი კვლავ საფრთხის ზონაში რჩება. სტიქიური უბედურების არეალი ფართოვდება. მეზობელ დეპარტამენტებში ცეცხლის გავრცელების შესაჩერებლად ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებს აწყობენ, უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საქალაქთაშორისო მაგისტრალების ნაწილი.

რთული ვითარებაა მეზობელ ესპანეთშიც. გვადალახარას რეგიონში სტიქია უკვე მეექვსე დღეა ანადგურებს ტყის მასივებს, საძოვრებს, ფერმერულ სავარგულებს და დასახლებულ პუნქტებს - ცეცხლმა 30 000 ჰექტარი მოიცვა. 600-ზე მეტ მეხანძრე-მაშველს ადგილობრივი მოხალისეები ეხმარებიან. ადგილზეა თავდაცვის ძალების დანაყოფები და გადასროლილია მძიმე ტექნიკა, ავიაცია. პარალელურად, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაციაც — უსაფრთხო ზონაში გადაყვანილია 1 200-მდე ადამიანი, ცნობილია, რომ სრულად დაიცალა 34 დასახლება.

სტიქიამ კრიტიკული ვითარება შექმნა იტალიაშიც. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი სიცილიას და კალაბრიის რეგიონებში, ცეცხლმა უკვე 9 500 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. რეკორდული ტემპერატურის, რთული რელიეფის და გვალვის გამო, კერების ლოკალიზება რთულდება - საფრთხის ზონაში რჩება უნიკალური ბუნებრივი ნაკრძალები, ზეთისხილის პლანტაციები - ფერმერებმა მიმდინარე წლის მოსავალი სრულად დაკარგეს. საფრთხესთან საბრძოლველად მობილიზებულია სამოქალაქო თავდაცვის, სახანძრო და სატყეო დეპარტამენტის დანაყოფები.

რეკორდული ტემპერატურა და სითბური ტალღები: გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგებს ებრძვის საბერძნეთიც. ქვეყანაში სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო, რომელიც მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 43 გრადუსს აჭარბებს. სიცხის გამო, მთავრობამ ღია ცის ქვეშ ფიზიკური სამუშაოები დროებით შეზღუდა.

დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რეკორდული ტემპერატურული პირობების გამო, ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ განგაშის წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ დონეებს. წინასწარი მონაცემებით, კონტინენტის ქვეყნებში წელს სიცხემ ათი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, ექსტრემალური სიცხე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული საფრთხის კატეგორიად მიიჩნიონ და კრიზისს შესაბამისი, პრევენციული ზომებით უპასუხონ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები