"სიმართლე და მართლმსაჯულება", "მკვლელი სახელმწიფო" - ბოლონიის ცენტრში ამ ლოზუნგებით, მაროკოს დროშებით და გარდაცვლილის ფოტოებით დაწყებული მსვლელობა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გზები გადაკეტეს, ბარიკადები აღმართეს. ცეცხლი წაუკიდეს მუნიციპალურ ინვენტარს და ავტომობილებს. დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პოლიციის მიმართულებით ისროდნენ პიროტექნიკას, მინის ბოთლებს, ქვებს და სხვადასხვა ბლაგვ საგანს.
ვითარების განსამუხტად ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე და ქუჩებზე საპოლიციო სპეცრაზმი შევიდა. ძალოვნებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, რასაც დაკავებების ტალღაც მოჰყვა. შეტაკებების შედეგად სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო ათობით მოქალაქემ, მათ შორის პოლიციის 56-მა თანამშრომელმა.
ბოლონიაში მასშტაბური პროტესტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა. კადრებში პოლიციის მიერ დაკავების მომენტში მაროკოელი მამაკაცის გარდაცვალებაა ასახული. მიწაზე დაწოლილი 42 წლის აბდერაჰიმ ფაქირი დახმარებას ითხოვს, რის შემდეგაც მოძრაობას წყვეტს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მის დასაკავებლად "წიწაკის სპრეი" და ფიზიკური ძალა გამოიყენა. მომიტინგეები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და ოფიცრების დასჯას ითხოვენ.
ადგილობრივი მედიისა და იტალიის პოლიციის ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცველები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო გამოიძახეს. მამაკაცი ქუჩაში აგრესიულად იქცეოდა და საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფებს, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნებს.
პროტესტის მონაწილეები და ოჯახი სწორედ ამ ვერსიას უპირისპირდებიან - აცხადებენ, რომ მამაკაცი საშიში არ იყო და პოლიციელებმა ძალას არაპროპორციულად, უკანონოდ გადაამეტეს. იტალიურ მედიაში აღნიშნულია, რომ 42 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები - გულის დაავადება და ასთმა ჰქონდა.
მიმდინარე პროტესტს იტალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ჯორჯა მელონიმ სამართალდამცველების მიმართ ძალადობა დაგმო. პრემიერის შეფასებით, იმ პირებს, ვინც მომხდარი ფაქტი ქალაქში არეულობის მოსაწყობად, პოლიციელებზე თავდასხმის და ძალადობის გასაღვივებლად გამოიყენა, რეალურად სიმართლის დადგენა კი არა, დაპირისპირების გამოწვევა სურდათ.
მომხდარზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქმეში 6 პირი ფიგურირებს - 2 პოლიციელი და ადგილზე გამოძახებული 4 მედიკოსი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციელების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და დაკავების წესების დარღვევას. მედიკოსების შემთხვევაში კი, პროფესიულ გულგრილობას, და რამდენად ჯეროვნად აღმოუჩინეს დაზარალებულს სამედიცინო დახმარება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.