ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, ცენტრალურ გზაზე, საყდრის ხიდის მიმდებარედ კი მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია. ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი დროებით გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარე სამყაროს მოწყდა.
მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და რეგიონული სამსახურები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება აცხადებს, რომ ადგილობრივი მაჟორიტარები და რწმუნებულები პროცესს აკონტროლებენ და მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია აქვთ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ დახმარება აღმოუჩინონ:
"ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, დამატებით კიდევ 2 ერთეული ჩაერთვება წმენდის პროცესში. ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, დავიწყებთ შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც ადგილზე ითვლის ზარალს. ჩვენ მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს. საჭიროება რაც შეიძლება იყოს სოფლებში ჩვენი ადგილობრივი მაჟორიტარებისა და რწმუნებულების მეშვეობით, ჩართული ვართ და ვაკონტროლებთ აღნიშნულ პროცესს,"- აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.