მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი რეპუტაცია.
"ყოველ ჯერზე, როდესაც სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგება ხოლმე, ისინი წყენას ვერ მალავენ. ეს არც არის მაინცდამაინც საინტერესო. რაც შეეხება მათ მიდგომას - ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ხაზი მინდა გავუსვა - რატომ ვერ შედგება ასეთი პოლიტიკური ძალებით ვერასდროს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ჯანსაღ სისტემაში, ჯანსაღი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული ხალხის სიმპატიების დამსახურებაზე. ნებისმიერი, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა ცდილობს, რომ ხალხს მოაწონოს თავი, რომ მერე ხმა მიიღოს, ნდობა გამოუცხადონ და ასე შემდეგ. საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ არ არიან ამაზე ორიენტირებული და პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი, ასე ვთქვათ, რეპუტაცია. ერთადერთი, ვის მიმართაც ცდილობენ თავის მოწონებას, ეს არის გარე ძალები. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. რატომ? ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, აგენტურა ვერ იქნება ორიენტირებული ხალხზე, იქნება ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ პატრონებზე. ეს არის საერთო სურათი.
თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგაც, მათ მუდმივად ჰქონდათ საკუთარი პატრონების მხარდაჭერა.
"ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მივდიოდით, ჯერ კიდევ მე მახსოვს 2016-2017 წლები, იქ გვხვდებოდნენ ხოლმე დამძიმებული სახეებით ევროპარლამენტარები, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამაგიეროდ ოპოზიცია ყოველთვის იყო ხოლმე კარგად მიღებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აგენტურა. არავითარი კავშირი არა აქვს ამას არაფერთან. ჩვენ ბრიფინგზეც ვთქვით, რომ საერთოდ არც დემოკრატიის ხარისხი აინტერესებთ, არც ადამიანის უფლებები აინტერესებთ. დემოკრატია და ადამიანის უფლებები რომ ყოფილიყო მათი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, 2004-2012 წლებში მხარს არ დაუჭერდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. ეს საერთოდ არ აინტერესებთ. არც სხვა ქვეყნებში არ აინტერესებთ, არც მოლდოვაში, მაგალითად, არც ადამიანის უფლებები აინტერესებთ, არც დემოკრატია, არც დემოკრატიული არჩევნები, არაფერი არ აინტერესებთ. ყველა ძალიან კარგად ხედავს ამას.
ანუ, ამ ხალხს ყოველთვის ჰქონდა გარე მხარდაჭერა, ინსტიტუტების დონეზეც. რატომ? იმიტომ, რომ ისინი იყვნენ აგენტურა და ასე იმართებოდა პროცესები. მაგრამ ამან არ უშველა მათ არც 2012 წელს და არც 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს მიიღეს ერთი ჭადრაკის პარტია და 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ ზევიდან 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.