17 ივლისი 2026,   00:17
ვრცლად
ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - ამ მიზნებს ემსახურება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დიაგნოსტიკურ კვლევები - პროგრამა ორი მიმართულებით მიმდინარეობს და როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას მოიცავს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მიუსაფარი ცხოველები ეკიპაჟებს წინასწარ დაგეგმილი განრიგით ჯერ ინტერმუნიციპალურ თავშესაფრებში გადაჰყავთ, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ კი ძაღლებს კვლავ ბუნებრივ არეალში აბრუნებენ. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ უპატრონო ძაღლებს ეკიპაჟები უკან არ აბრუნებენ.

სიცრუე და დეზინფორმაცია - ასე აფასებს ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟების მიერ ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით, ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს მიმკედლებლებთან ან ბუნებრივ გარემოში არ აბრუნებენ.

ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის facebook გვერდზე კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს განრიგი, თუ როდის და რომელი რეგიონიდან ხდება მიუსაფარი ცხოველების დროებით თავშესაფარში გადაყვანა. კახეთისა და იმერეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესში როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველთა უფლებადამცველებიც არიან ჩართულები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარული ღონისძიებების პარალელურად, ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში დაგეგმილია ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობაც.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები