არის ქალაქები, რომლებიც ისტორიას ინახავენ და არის ისეთი ქალაქებიც, რომლებიც ხელოვნების ნიმუშები თავად ხდებიან. სწორედ ასეთია ბარსელონა. ადგილი, რომელიც ზღაპარს მოგაგონებთ. ამ მაგიური გარემოს შექმნაში კი დიდი როლი "ღმერთის არქიტექტორად" წოდებულმა ანტონიო გაუდიმ და მისმა არქიტექტურულმა საგანძურმა ითამაშა. საგრადა ფამილია ანუ წმინდა ოჯახი- მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა, რომელსაც სული სწორედ გაუდიმ ჩაბერა. როცა ცაში აზიდულ ამ ტაძარს პირველად დაინახავ, გიჭირს დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი რეალურია. მისი კოშკები ცისკენ ისე მიიწევენ, თითქოს არც გრავიტაციის და არც ზოგადად, ბუნების რომელიმე კანონს არ ემორჩილებიან. რთულია დაიჯერო, რომ შენობა ადამიანის ხელით შექმნილი არქიტექტურაა. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ საგრადა ფამილია მხოლოდ ეკლესია ან მხოლოდ არქიტექტურა არ არის. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის ერთდროულად წარსულის მემკვიდრეობაც არის და მომავლის პროექტიც: ტაძარი, რომელიც დასრულებამდე ბევრად ადრე იქცა მარადიულ სიმბოლოდ.

ცისკენ მიმართული ქვის სიმფონია
საგრადა-ფამილიას ისტორია 1882 წელს იწყება. ბარსელონაში დიდი საკათედრო ტაძრის მშენებლობა გადაწყდა. პროექტი, რომლის მიხედვითაც ტაძარი უნდა აგებულიყო, საკმაოდ ტრადიციული და არაფრით გამორჩეული იყო. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ამ იდეას და საქმეს სათავეში, ახალგაზრდა კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი ჩაუდგა. ქვის პოეტს, საგვარეულო ტაძრის აშენება 1891 წელს შესთავაზეს, გაუდი შეთავაზებას დათანხმდა და პროექტზე 1914 წლამდე იმუშავა. ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც ბუნებას აღმერთებდა, საკუთარი ხედვები ნამუშევრებშიც ზედმიწევნით გადაიტანა. მისი ქმნილებები სხვის სტილშიც არასოდეს აგერევათ, რადგან მის შემოქმედებაში სწორი ხაზები, თითქმის არ არის.ფრანგი ხუროთმოძღვრის, ვიოლე ლე დუკის არქიტექტურით აღფრთოვანებული გაუდი ამბობდა, რომ სწორი ხაზი ადამიანის გამოგონებაა, ხოლო მრუდე- ღვთის. ნათქვამი საქმესაც დაეტყო- მის არქიტექტურაში უცნაური, ტალღოვანი, ჩახუჭუჭებული ფორმები და კაშკაშა ფერები ჭარბობს. გაუდისთვის არქიტექტურა მხოლოდ კედლებისა და სახურავების აგება არასდროს ყოფილა.

"არქიტექტურის დანტე" სწორედ ბუნებაში ეძებდა შთაგონებას - ხეებში, ტოტებში, კლდეების ფორმებში, სინათლის მოძრაობაში. სწორედ ამიტომ, საგრადა ფამილიაში შესვლისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ “ქვის ტყეში” აღმოჩნდით. ტაძრის ყველა ნაწილი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ფასადები ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს:დაბადებას, ვნებას, დიდებას. ქვით თითოეული ფიგურა, თითოეული ორნამენტი და არქიტექტურული დეტალი ერთ დიდ ნარატივს ქმნის, რომელსაც ვიზიტორი არა მხოლოდ ხედავს, არამედ გრძნობს კიდეც. ამ შეგრძნებებს მზის სხივები კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან სინათლე გაუდისთვის ერთგვარი სამშენებლო მასალა იყო, რომელიც საგრადა ფამილიას ჯადოსნურ არქიტექტურას დიდ მაგიას სძენს. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ტაძრის ვიტრაჟებიდან შემოსული სინათლე, მის გულში სხვადასხვა ფრად იღვრება: დილით სივრცე ოქროსფრად ანათებს, საღამოს კი შიდა სივრცე ლურჯ და წითელ ტონებში იძირება. ტაძრის სამი მთავარი ფასადი ქრისტეს ცხოვრების სამ ეტაპზე მოგვითხრობს. აღმოსავლეთის ფასადი შობის ზეიმია, დასავლეთის ფასადი ვნებისა და ჯვარცმის სევდას გადმოსცემს. ყველაზე გრანდიოზული კი დიდების ფასადია, რომელიც ღმერთისკენ ადამიანის გზას ასახავს. ცნობილია, რომ ტაძარს საბოლოოდ 18 კოშკი ექნება. რომლებიც ქრისტეს, ღვთისმშობელს, ოთხ მახარებელსა და თორმეტ მოციქულს განასახიერებენ. ცენტრალური კოშკი, რომელიც იესო ქრისტეს ეძღვნება, საგრადა ფამილიას მსოფლიოს ყველაზე მაღალ ეკლესიად აქცევს. არქიტექტურული სასწაულს კი მთავარ სრულყოფილებას ალბათ ის ფაქტი ანიჭებს, რომ ტაძარი მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. გაუდიმ იცოდა, რომ ეკლესიის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრებოდა. იმის მიუხედავად, რომ სიცოცხლის ბოლო წლები მან სრულად ამ პროექტს მიუძღვნა ხშირად ხუმრობით ამბობდა: „ჩემს დამკვეთს არ ეჩქარება…"

ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა საბედისწერო დღე. 1926 წელი, როდესაც გაუდი ტრაგიკულად დაიღუპა. არქიტექტორს ტრამვაი დაეჯახა. გაუდის გარდაცვალების შემდეგ, ტაძრის დასრულების იდეაც სკეპტიკურად ჟღერდა. მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინები, რომ ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ნახაზებისა და მაკეტების დიდი ნაწილი განადგურდა. ბევრს ეგონა, რომ საგრადა-ფამილია ვეღარასოდეს დასრულდებოდა. თუმცა ტაძარი გადარჩა. მშენებლობა არსებული ფრაგმენტების, ფოტოებისა და ჩანაწერების მიხედვით გაგრძელდა. ასე იქცა საგრადა ფამილია XIX საუკუნის იდეებისა და XXI საუკუნის ტექნოლოგიების სინთეზად.
2026 - საუკუნოვანი ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი წელი
2026 წელი საგრადა-ფამილიას ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. ზუსტად ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი შემოქმედი, ანტონიო გაუდი გარდაიცვალა. საუკუნის შემდეგ კი ტაძარმა კიდევ ერთ ისტორიულ ეტაპს მიაღწია: დასრულდა იესო ქრისტეს ცენტრალური კოშკის გარე კონსტრუქციის მშენებლობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესიის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს. თებერვალში, მასზე 100 ტონამდე, 17-მეტრიანი ჯვარი აღმართეს, რის შემდეგაც ტაძრის სიმაღლემ 172,5 მეტრს მიაღწია. კოშკის თავზე აღმართული ჯვარი ბარსელონას ცაზე, უკვე ახალი სიმბოლოს სახით დომინირებს. თუმცა ალბათ პარადოქსია, რომ ამ დასასრულიც მერეც, ყველაფერი ისევ გრძელდება. საგრადა-ფამილიას მთავარი სტრუქტურა პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ ინტერიერის ნაწილი, დიდების ფასადი და მიმდებარე სივრცეების მოწყობა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ამიტომ 2026 წელი უფრო ფინალის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ და არა ფინალად. 2026 წელს შემორჩება, ლეო XIV-ს საზეიმო მესა საგრადა-ფამილიას ტაძარში. რომის პაპმა იესო ქრისტეს კოშკი აკურთხა.

საგრადა ფამილია "ციფრებში"
ალბათ, საგრადა ფამილია ნამდვილად არის ის ადგილი, რომელიც გვახსენებს, რომ ზოგიერთი ქმნილება ერთი სიცოცხლისთვის მეტისმეტად დიდია. შესაძლოა სწორედ ამიტომ იზიდავს ის მილიონობით ადამიანს. ადგილობრივები ცაში აზიდული დიადი ქმნილებით ამაყობენ, ტურისტები კი ბარსელონაში მხოლოდ შენობის სანახავად არ მიდიან. მიდიან იმის სანახავად, თუ როგორ შეიძლება ოცნებამ ერთი საუკუნის შემდეგაც გააგრძელოს ზრდა. ასე ხსნის რეკორდებს გაუდის სახსოვარი. მაგალითად: 2024 წელს ბაზილიკამ რეკორდული 4.83 მილიონი ვიზიტორი მიიღო, ხოლო 2025 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა და 4.88 მილიონს გადააჭარბა. ტურისტებს ყველაზე მეტად რამდენიმე დეტალი ხიბლავთ. პირველი ადგილით ტაძრის შიდა სივრცე ლიდერობს - ფერადი ვიტრაჟებიდან შემოსული სინათლე. ბევრი აღნიშნავს, რომ შენობის შიდა სივრცე კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მისი ცნობილი ექსტერიერი. მეორე მიზეზი თავად ისტორიაა. ტურისტებისთვის მიმზიდველია ის ფაქტი, რომ ტაძარი 1882 წლიდან შენდება და დღემდე განვითარების პროცესშია. თუმცა, რომელიც არ უნდა იყოს კატალონიის გულში ჩასვლის მიზეზი, ფაქტია ის, რასაც მათემატიკა და სტატისტიკა გვეუბნება: საგრადა ფამილიას წინ ყოველწლიურად თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი დგას განცდით, რომ ხედავენ არა უბრალოდ ტაძარს, არამედ იდეას, რომელიც ჯერ ისევ იზრდება.

გაუდის დაუსრულებელი ოცნება
მიუხედავად იმისა, რომ საგრადა ფამილიას მშენებლობის დასრულების საბოლოო თარიღი არაერთხელ შეიცვალა, ტაძარი დიდი ხანია მხოლოდ სამშენებლო პროექტი აღარ არის. ის ბარსელონას სიმბოლოა. ადგილი, სადაც რწმენა, ხელოვნება და არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის. თუ გინახავს, ან მომავალში ნახავს, ალბათ ვიზუალური შთაბეჭდილებების შემდეგ პირველი ფიქრი რაც თავში მოგდის არის ის, რომ ზოგიერთი დიდი იდეა ერთ ცხოვრებაში ნამდვილად ვერ ეტევა. სრულყოფილების გზაც ასეთია: ეკუთვნოდეს წარსულსაც, მომავალსაც და თაობიდან თაობის ხელში გადადიოდეს. ამიტომაც, როცა ტაძრის კოშკებს უყურებ, ხედავ არა მხოლოდ ქვას და არქიტექტურას, არამედ ადამიანურ ამბიციას და სურვილს, რომ შექმნას რაღაც ისეთი, რაც საკუთარ ეპოქაზე დიდხანს იცოცხლებს.