ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში უახლოეს პერიოდში ინსპექტირებას ჩაატარებს. შესაბამისი განცხადება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
რაფაელ გროსის თქმით, აღნიშნული აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული დროებითი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. საკითხს გამოეხმაურა თეირანიც - ირანული მხარის განცხადებით, საკვანძო ობიექტებზე წვდომა სანქციების მოხსნაზე იქნება დამოკიდებული.
"უახლოეს პერიოდში თეირანთან ერთად შევათანხმებთ კონკრეტულ პროცედურებს, ვადებსა და ინსპექტირების ლოკაციებს" - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.
სააგენტოს გეგმებს გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, ამ ეტაპზე ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე უცხოელი სპეციალისტების დაშვება არ განიხილება.
გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის 13 ივნისს ობიექტებზე განხორციელებულ პირველ დარტყმამდე ირანი 440.9 კილოგრამ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს ფლობდა.
IAEA-ს მონაცემებით, ირანი ამჟამად 200 კილოგრამზე მეტ ბირთვულ მასალას ისპაჰანის გვირაბების კომპლექსში ინახავს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე