ასე დაიწყო ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" არაჩვეულებრივი გამოფენა - გაერთიანების სამთვიანი ილუზია, რომელსაც ერთ დროს დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან უნდა დაესვა, ქვიშის ციხესიმაგრესავით ჩამოიშალა. მარტში დაწყებული "დიდი შერიგება" ივნისისთვის უკვე ღია ლანძღვა-გინებაში გადაიზარდა.
"მიშა წადი!" - 2012 წლის შემდეგ ეს ფრაზა ალბათ არავის უთქვამს იმდენჯერ, რამდენჯერაც ახლა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს.
ოპოზიციის ახალი ქოლგა ახლა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. დანარჩენი ოპოზიცია "ნაციონალურ მოძრაობას" პირდაპირ საბოტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ძველ პარტნიორებს საქმის კეთება კი არა, მხოლოდ მიტინგების სცენაზე ასვლა აინტერესებთ.
თამარ ჩერგოლეიშვილისთვის 3-თვიანი პროექტი მხოლოდ ალიანსის ახალი ბანერისთვის ფულის დაზოგვით დასრულდა. ასე აიხსნა მიზეზი, რატომ რჩება მასზე "ნაციონალების" ლოგო ამ დრომდე. დადასტურდა ისიც, რომ ახლა ყოფილების ერთადერთი სურვილია, სააკაშვილმა და მისმა პარტიამ უბრალოდ თავი დაანებონ.
გარეთ გაუშვეს, მაგრამ მაინც სჯერათ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან. ენმ-ში ბარგის ჩალაგებას არ აპირებენ და ალიანსის დაშლას ყოფილი მეგობრების ეგოსა და პირად ამბიციებს აბრალებენ.
სანამ გარეთ ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს, შიგნით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ციხიდან მართული რევოლუცია მზადდება. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ დროა, პარტიას "არტილერიაში" ახალი სისხლი, ან უფრო ზუსტად, ძველი, მაგრამ სხვა სფეროდან გადმოსროლილი სახეები გადაუსხას.
კარუსელის მიზიდულობა პოლიტიკამ ჩაანაცვლა სააკაშვილის ახალი რჩეულისთვის. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც უკვე აქვს არჩევნებში წაგების გამოცდილება, ახლა პარტიის თავმჯდომარეობის ან თანათავმჯდომარეობისთვის ემზადება.
ენმ-ის მოქმედი ბირთვი ამ სიახლით დიდად აღფრთოვანებული არ ჩანს. ძველი სახეები ღიად აფრთხილებენ ახალ რჩეულებს, რომ პარტია მხოლოდ ერთი კაცის ახირება არ არის.
ალიანსში განქორწინება ოფიციალურად გაფორმდა, ქონებაც გაიყვეს და ახლა ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი ეპითეტების შერჩევის ჩემპიონატია გამოცხადებული. ნიკა გვარამიამ ყოფილი თანამებრძოლები ბირჟაზე მსხდომ "სემიჩკის მჭამელებადაც" კი მონათლა.
ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ჩაძირული და უცხოელ აქტორებზე დამოკიდებული ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია. ნანუკა ჟორჟოლიანის გამოჩენა კი მათთვის მხოლოდ მძიმე წარსულის კიდევ ერთი შეხსენებაა.
სამთვიანი ალიანსი ფიასკოთი დასრულდა. ახლა რიგში თავად პარტიების დაშლაა - ენმ-ში შიდა ომი ახალი დაწყებულია, დიდი ალბათობით კი გზები მალე ახალ გაერთიანებაშიც გაიყოფა და ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ტანდემიც ისტორიას ჩაბარდება.
საბოლოოდ ასე გადაწყდა, ბრძოლა ვერ შედგა, იდეა ვერ განხორციელდა, სამაგიეროდ ისტორია ოპოზიციის დასასრულის დასაწყისის შესახებ თავად ოპოზიციამ დაწერა.
ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" არაჩვეულებრივი გამოფენა კი საბოლოოდ ვადაზე ადრე დაიხურა.