11 ივნისი 2026,   22:26
ვრცლად
როგორ ხვდება FIFA-ს ოპერატიული ჯგუფი და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები ტურნირის დაწყებას

"ელ კოლოსო დე სანტა ურსულას". ასე ეძახიან სტადიონს, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, ყველაზე სასიხარულო მოგონებების მცველად იქცა.

იქ სადაც, 1970 წელს პელე ცეკვავდა. 1986 წელს კი მარადონამ გრავიტაცია დაამარცხა. დღეს, ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერება.

პირველი მატჩი, პირველი სასტვენის ხმა - თბილისის დროით ზუსტად 11 საათზე ერთმანეთის პირისპირ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებები აღმოჩნდებიან.

მექსიკა და სამხრეთ აფრიკა მარტო არ არიან. სულ, მეხიკოში, გვადალახარასა და მონტერეიში - 10 ქვეყნის ნაკრები ჩავა. მათ შორისაა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, უზბეკეთი, კოლუმბია, შვედეთი, ტუნისი, ნიდერლანდები და იაპონია.

განსაკუთრებული სამზადისია ფიფაში. სანახაობა უნდა იყოს განსაკუთრებული, დაუვიწყარი და განუმეორებელი. ახლა მთელი მსოფლიო იმ ტურნირს ელოდება, რომელმაც დედამიწის საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები უნდა გამოავლინოს. დიდი მღელვარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის უკვე მოეწყო სან ფრანცისკოს სტადიონი. აქ, სადაც ტექნოლოგიური ინოვაცია სპორტულ ვნებათაღელვას ხვდება, FIFA-ს ოპერატიული ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. თითოეული დეტალი - გაზონიდან დაწყებული, გულშემატკივართა ნაკადების მართვამდე - უკვე ბოლო შემოწმებას გადის.

მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება მთელ პლანეტას მოედო. ნიუ-იორკი და ნიუ-ჯერსი მეტლაიფ სტადიონზე დაგეგმილი პირველი თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

ლოს-ანჯელესის კოლიზეუმი იქცევა გრანდიოზულ ფან-ჰაბად, სადაც FIFA-ს ფესტივალი ათასობით გულშემატკივარს უმასპინძლებს.

ტრადიციული ტემპერამენტით, ამაღლებული განწყობითა და განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან მსოფლიო ჩემპიონატს გულშემატკივრები ბრაზილიაში. რიოს ბაზრებში ფეხბურთის გულშემატკივრები ემზადებიან ტურნირისთვის და საყვარელი გუნდების ატრიბუტიკას ყიდულობენ.

რადგან ეს არ არის მხოლოდ მატჩების სერია და ეს არის გლობალური ერთიანობის მომენტი - ემოცია ყველა ზღვარს სცდება.

მიუხედავად იმისა, სად ვართ - სტადიონის ტრიბუნებზე თუ სახლში - ეკრანებთან სამყაროს ყველა თვალი დღეს 2026 წლის ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი.

წარსულის ლეგენდების მაგალითზე და მომავალი ისტორიის დაწერის მოლოდინში. სიჩუმე საბოლოოდ ირღვევა.

ეს ხმაური კი იმის მანიშნებელია, რომ ცეცხლი აინთო - თამაში კი მსოფლიოს 48 ქვეყნის ნაკრებისთვის უკვე დაიწყო.

დღის ამბები