ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.
"ერთ რამეს დააკვირდით, სალომე ზურაბიშვილი ჩიხში რომ იმალებოდა და გამზადებული იყო, როგორც კი აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს, შესულიყო და დამჯდარიყო თავისი შტანდარტით, რომლითაც დადიოდა. მანამდე ელჩები გამუდმებით მიდიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, ჰქონდათ შეხვედრები დემონსტრაციულად, მაშინ, როდესაც გვყავს არჩეული პრეზიდენტი, წინ იდგა პრეზიდენტის შტანდარტი, მოპარული და ამის ფონზე იღებდნენ სურათებს. ამის შემდეგ მე დავწერე კიდევაც, ამაზე მქონდა განცხადება, ამის შემდეგ არც ერთი ელჩი აღარ მისულა სალომე ზურაბიშვილთან იმიტომ, რომ მიხვდნენ როგორ წაიტეხეს ცხვირი იმით, რომ ფაქტობრივად აქეზებდნენ 4 ოქტომბერს, რომლის გამოც ხალხი აღმოჩნდა ციხეში. ზოგიერთი კარგია, რომ გონს მოდის, აღიარებს ძალადობას, სთხოვს პროკურატურას და იღებს საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ზოგიერთი ისევ ციხეშია ამ ხალხის წყალობით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.