შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, პროფესიული დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მინისტრის რანგში, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა თითოეულ პოლიციელს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და სათანადო დაფასება ქონდეს.
"მე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართალდამცავი სისტემა.
დიდი პატივისცემით მინდა მივმართო პოლიციის ვეტერანებს - ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას და შექმნეს ის გამოცდილება, რასაც დღევანდელი ქართული პოლიცია ეფუძნება.
ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ეს დღე პოლიციელების ოჯახებს. რადგან სწორედ ოჯახის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობასა და სირთულეებს, რაც თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ წარმატებას, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეში", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელებისადმი სიტყვით მიმართვისას.