09 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
მძიმე პოლიტიკური წარსული, რომლის გახსენებაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ სურთ - 2011 წლის 26 მაისის მოვლენები

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიმბოლოდ 2011 წლის 26 მაისი იქცა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სააკაშვილის გუნდის ყოფილ და მოქმედ წევრებს დღეს 15 წლის წინ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა გაახსენა. განსაკუთრებული სისასტიკე, რომლის მთავარი შემოქმედებიც, ირაკლი კირცხალიას თქმით, ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს თავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებად ასაღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკური ტრიბუნიდან პოლიტიკურ ოპონენტებს უთხრა, რომ ისტორიის გადაწერისა და პასუხისმგებლობიდან თავის არიდების უფლებას ქართული ოცნება არავის მისცემს.

ხელკეტები, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები - 2011 წელს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა არამართლზომიერი ძალა გამოიყენეს. განსაკუთრებული სისასტიკით დარბეული აქციის მეორე დღეს კი მაღაზიის სახურავზე სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის ცხედრები აღმოაჩინეს. ასათიანის ოჯახის წევრები, კურიერთან ჰყვებიან, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობოდა.

ის, რაც არასდროს უნდა განმეორდეს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაა - ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დასჯდომოდათ.

26 მაისის დარბევის კადრებს არქივი ინახავს, თუმცა ყველაზე მეტი იმ ადამიანებს ახსოვთ, რომლებიც პროცესების მონაწილეები თავად იყვნენ. 15 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა, დაკავებულთა რაოდენობამ კი 800-ს მიაღწია. მაშინ დათა ახალაიამ ბრძანება გასცა - "მეტი დაკავებული, მეტი პრემია."

ამ პოლიტიკური წარსულის გახსენება, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ სურთ. თუმცა ფაქტების პირისპირ დარჩენილებს, შეცდომების აღიარება მაინც უწევთ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ტერორით ახშობდა, ბიზნეს არეკეტებდა, სხვის უფლებებს ძალადობრივი გზებით არღვევდა, დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება აქვს.

2011 წლის 26 მაისის შემოქმედებმა რომ საპროტესტო აქციის თარიღად კვლავ დამოუკიდებლობის დღე შეარჩიეს ეს პრემიერ-მინისტრის თქმით, მათივე პოლიტიკის ლუსტრაციაა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" 15 წლის შემდგომაც პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა.

2011 წლის 26 მაისის საქმეზე ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივი გზით დაშლა წინასწარ დაგეგმილი რეპრესიული ოპერაცია იყო. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები