ITB China 2026 საქართველოს სტენდით, საზეიმოდ გაიხსნა. აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე 400 კვადრატული მეტრი ტერიტორია მთლიანად ქართულ თემატიკას დაეთმო. ღონისძიებაში შეხვედრებს 30-მდე ქართული კომპანია მართავს.
ღონისძიებაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს სტატუსი ქვეყნის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით გაზრდის.
ღონისძიებაზე ყველაზე დიდი ინტერესი ქართულმა სამზარეულომ მიიპყრო. სპეციალურად სტუმრებისთვის შეფ -მზარეულებმა ტრადიციული კერძები მოამზადეს, მოეწყო მასტერკლასებიც. პარალელურად, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
ტრადიციული სამზარეულოს გარდა, სტუმრების აღფრთოვანება ქართულმა კულტურამ, ფოლკლორმა და ქორეოგრაფიამ დაიმსახურა. სპეციალური პროგრამა ანსამბლმა რუსთავმა წარადგინა.
გამოფენის ვიზიტორებმა დაათვალიერეს ქართული რეწვის ნიმუშები. მოისმინეს მუზეუმებსა და ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციების შესახებაც.
ქართული მხარე ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს. უკვე არსებობს კონკრეტული შედეგებიც. 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.
ITB China შანხაიში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული სპეციალური ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხების საშუალებით აქტიურად გაშუქდება.