05 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
"1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს" - ამ სლოგანით, ქვეყანა 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს

26 მაისს ქვეყნის მთავარ გამზირზე, სამხედრო მარშის ფონზე სამშობლოს ერთგულების ფიცს ასობით ახალგაზრდა დადებს.

საქართველო თავისუფლებასთან ერთად, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ზეიმობს.

ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ფიცის დადების ცერემონიაც მასშტაბურია - პირველად ახალწვეულები ფიცს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

საზეიმო ღონისძიებაში ტრადიციულად ჩაერთვება საბრძოლო ავიაცია. დედაქალაქის თავზე საფრენი აპარატები სახელმწიფო დროშის ფერებს გამოსახავენ.

დღეს, თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია გაიარა სამხედრო ორკესტრმა - ორკესტრი, რომლითაც იწყება და სრულდება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ადგილზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი და სამხედრო მარში შესრულდა.

26 მაისს, თბილისის გარდა, სამხედრო სივრცეები ქვეყნის 20 სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა. მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემა.

კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს დედაქალაქში ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საზეიმო პროგრამა გალაკონცერტებით დასრულდება.

საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ფოტო და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები გამოიფინა პარლამენტის შენობის ფასადზე.

"1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს" - ამ სლოგანით, ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები