08 აგვისტო 2026,   00:16
ვრცლად
საქართველო, როგორც ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში - შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ვიზიტს აჯამებს

ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება - ეს ის საკითხებია, რაზეც აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარესა და შანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს შორის, ორმხრივ შეხვედრაზე გაკეთდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მოქმედი უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა. შეხვედრაზე მხარეებმა სწორედ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ისაუბრეს.

საქართველო, როგორც ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში - თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელიც. შეხვედრის ფარგლებში გამოითქვა მზაობა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ითქვა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე უფრო ფართოდ შევიდეს.

ჩინეთში შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ორმხრივი შეხვედრებისას მხარეებმა განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტებიც.

ჩინეთში ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრებისას ძირითადი აქცენტი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ჩინელ კოლეგას და სახალხო კონგრესის სხვა წარმომადგენლებს. შალვა პაპუაშვილი მოხსენებით წარდგა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში. გამართა შეხვედრები სიანშიც. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ოცი წლის მანძილზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.

დღის ამბები