08 ივნისი 2026,   07:52
ვრცლად
დაფასოებული "კოკაინი" და წინასწარ გამზადებული სამალავები - პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

დაფასოებული "კოკაინი" სამალავებში იყო გადანაწილებული, თუმცა მყიდველებმა მათთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღება ვერ მოასწრეს. სარეალიზაციოდ განთავსებული "კოკაინის" კვალზე პოლიცია გავიდა. ფაქტთან დაკავშირებით 20 წლის მამაკაცი, ე.წ. „დამდები“ დააკავეს. ის რუსეთის მოქალაქეა.

„კურიერის“ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს ნარკოტიკების სამალავები ავჭალაში, დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისეთ ადგილზე ჰქონდა მოწყობილი, სადაც ხალხი ნაკლებად გადაადგილდება. საპოლიციო ღონისძიებაც სწორედ აქ ჩატარდა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი.

"კოკაინის" გაყიდვის ფაქტი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმაც აღკვეთეს. სამართალდამცავები ნარკოდანაშაულის კვალზე ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ გავიდნენ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ბინაში ჩხრეკა სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. "კოკაინის" გარდა, სამართალდამცავებმა ადგილზე "მეთადონიც" აღმოაჩინეს. ნარკოტიკებთან ერთად ამოღებულია სხვადასხვა ნივთმტკიცება, მათ შორის, დაფასოებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

დაკავებული რუსეთის მოქალაქე რუსლან დჟუმაშერია, რომელიც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსეთის მოქალაქე პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა.

დღის ამბები