05 აგვისტო 2026,   17:05
ვრცლად
საქართველოს მიმართ კრიტიკული დანია და აქციების ძალადობრივი დაშლა - მმართველ გუნდში კოპენჰაგენის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

წერილის ადრესატი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი ანე ტოფტია - მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ძალის გადამეტებით დაშალეს, დიპლომატიურ უწყებას წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ - არის თუ არა ეს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი, როცა ოფიციალური კოპენჰაგენი საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს, თავად კი დემონსტრანტებს ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით შლის?

დანიის საელჩომ კონკრეტულ შეკითხვებს თავი აარიდა, საპასუხო წერილში კი მხოლოდ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა. პასუხები ვერც საგარეო უწყებისგან მივიღეთ. ვიდრე ოფიციალური კოპენჰაგენი დუმს, ოფიციალური თბილისი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან უსამართლო მიდგომებზე საუბრობს.

ხელისუფლების ოპონენტები დანიის მხრიდან ვერც ორმაგ სტანდარტს და ვერც არაობიექტურ მიდგომას ვერ ხედავენ.

მმართველ გუნდში თბილისში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ, როცა აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ფოიერვერკებს ესროდნენ, საპრეზიდენტო რეზიდენციის შტურმის აღებას ცდილობდნენ და სამართალდამცველების წინააღმდეგ ხან პიროტექნიკას, ხან კი "მოლოტოვის კოქტეილებს" იყენებდნენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მაშინ კონკრეტული ევრობიუროკრატები საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს მწვავედ აკრიტიკებდნენ, დღეს კი, როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყანას ეხება, ხმას არავინ იღებს.

ოფიციალური კოპენჰაგენი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც საქართველოს ხშირად დემოკრატიის ხარისხს უწუნებს. კრიტიკული გზავნილების ავტორი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ხშირად დანიელი დიპლომატია, რომელმაც აქციების დროს ქართველი სამართალდამცველები ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა. გაკეთებული განცხადებების გამო, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იყო დაბარებული.

დღის ამბები