03 აგვისტო 2026,   10:52
ვრცლად
სოციალური კალათა - პირველადი მოხმარების პროდუქტები შეღავათიან ფასად

ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში უკვე მეორე დღეა სპეციალური სტენდებია განთავსებული. "აგროჰაბი", "კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "ზღაპარი", "გუდვილი" და "ლიბრე" - მომხმარებლებს ე.წ. სოციალური კალათის ფარგლებში 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლიათ. მოქალაქეები პროდუქტს 30-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებით ყიდულობენ.

ინიციატივაში, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და შეღავათიანი ფასების დაწესებას ითვალისწინებს, ყველა მსხვილი ქსელური კომპანია ჩაერთო. ფასდაკლებული პროდუქტის მარტივად მოსაძებნად, სავაჭრო ქსელები სპეციალურ მაჩვენებლებს იყენებენ.

სამომხმარებლო ფასდაკლებულ კალათაში წარმოდგენილია პირველადი მოხმარების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ფქვილი, ზეთი, ქათამი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბურღულეული და ტკბილეული.

ტარიფების კომპლექსურ შესწავლაზე, ბაზრის ანალიზსა და დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე აკეთებს აქცენტს კომისიის თავმჯდომარე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "სოციალური კალათის" მოდელი მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობას მისცემს პროდუქტი კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.

საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებსა და ფასწარმოქმნის ჯაჭვზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება წარმოდგენილი.

ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მუშაობას. ასევე აცხადებენ, რომ სხვადასხვა სოციალური პროექტი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები ერთჯერადი არ იქნება და მათი განხორციელება მუდმივად გაგრძელდება.

დღის ამბები