"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებზე პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. პროექტი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით სიახლეებს ითვალისწინებს, სესიაზე განიხილეს.
მათ შორის ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვით, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მიღებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ეს პროექტი არის უპრეცედენტო და პირველ რიგში ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებას, ასევე სრულად არის მორგებული ახალგაზრდების ინტერესებზე.
"უფასო სწავლება მივიღეთ სახელმწიფოდან, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, რომ განათლება მიიღოს სრულიად უფასოდ. დადგენილება ამბობდა, რომ ვისაც აქვს მიღებული საგრანტო დაფინანსების ნაწილობრივი დაფინანსება, მაგალითად 50% და გაუმჯობესება უნდოდა, არსებული ცვლილებებით შესაძლებლობა იყო, მაგრამ დღევანდელი ცვლილებებით შემოვიტანეთ ის შესაძლებლობა, რომ თუ ნულოვანი გრანტი ჰქონდა, მას შეუძლია მოიპოვოს - ანუ უკვე ჩაბარებულ სტუდენტებს. ეს პროექტი არის უპრეცედენტო და პირველ რიგში ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებას, ასევე სრულად არის მორგებული ახალგაზრდების ინტერესებზე,"- აცხადებს მარიამ ლაშხი.