"რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც აგებულია ტყუილსა და ცილისწამებაზე", - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება დოკუმენტზე, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი.
"ქართული ოცნება" ყოფილი პრეზიდენტის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ზურაბიშვილი იყო იმ რეზოლუციის ინიციატორი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისა და გარკვეული პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესება.
რეზოლუციაში ასევე ისმის მიმართვა ევროპული ინსტიტუტებისადმი, შენარჩუნდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტი თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იყო იმ ადგილას, სადაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია მიიღეს.
"ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო - იმ ადგილას, სადაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იყო მიღებული. ასე რომ, აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ - ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.