პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის საკითხზე იმსჯელა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შესაბამის კანონპროექტს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.
„ეროვნული პარკის შექმნის ძირითადი მიზნები ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, ასევე მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, განსაკუთრებით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენაა“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კანონპროექტის ძალაში შესვლა 2027 წლის პირველი იანვრიდან არის გათვალისწინებული.