"40 დღეზე მეტმა განვლო მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა", - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა და პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების გახსნისას.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, უწმინდესის მემკვიდრეობისადმი პატივისცემა ავალდებულებს სასულიერო პირებს, განაგრძონ კათოლიკოს-პატრიარქის გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით.
"40 დღეზე მეტმა განვლო მისი გარდაცვალებიდან, ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსთმთავრისა, რომელიც მთელი თავის ღვაწლის დიდი სიყვარულითა და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა.
უამრავჯერ მიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავის სამწყსო და მის მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია.
ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობასა და უნეტარესობას არ უზრუნია, მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა, საეკლესიო და სამონაზვნოო ცხოვრების ღვთის მსახურების, და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობისა და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.
სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი", - განაცხადა მეუფე შიომ.