მშვიდობიანი, მშვიდობიანმა, მშვიდობიანს - ამ სიტყვას შვიდივე ბრუნვაში ატრიალებდნენ, თუმცა რეალობა გრამატიკის წესებს არ დაემორჩილა. სემანტიკურად "მშვიდობიანი" ძალადობრივად ვერ იქცა - ოქსიმორონის მიუხედავად, ზოგს გულწრფელად სჯეროდა ჯერ "დამხობის" მშვიდობასთან, შემდეგ კი ამ "მშვიდობის" რადიკალურთან შეხამების.
ვერშემდგარი ამბოხის ავტორმა და წარუმატებელმა რევოლუციონერმა - მსოფლიო ბანმა, ეს განცხადება 4 ოქტომბერს, 18 საათსა და 51 წუთზე, თავისუფლების მოედანზე გააკეთა.
დატყვევებით, ფაქტია, არავინ დაუტყვევებიათ, თუმცა სცენაზე მდგომი ბურჭულაძე და მისი თანაგუნდელები თავიანთი სიტყვების ტყვეობაში მალევე აღმოჩნდნენ.
დაახლოებით 18:54 საათზე, 4 ოქტომბრის მოვლენების შემოქმედებმა სცენა დატოვეს.
სცენა დატოვეს, თუმცა პროცესი - არა. წინ მამაკაცური ძალა გაუშვეს, რომელსაც პრეზიდენტის სასახლისკენ არა კონსტიტუცია, არამედ ძალადობრივი ინსტინქტი წარუძღვა. მათთვის რეზიდენციის გასაღები არავის ჩაუბარებია - ან სახლის გასაღები იმ სტუმარს როგორ უნდა მისცე, კარის შემონგრევას რომ ცდილობს, სამართალდამცავებს თავს ესხმის და გარშემო ყველა ქუჩას წვავს.
პროტესტის ნაცვლად - ძალადობა. დიალოგის ნაცვლად - შტურმი. სწორედ აქ დამთავრდა სიტყვა "მშვიდობიანის" შვიდივე ბრუნვა და დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები.
ათონელის სასახლეზე შტურმიდან რამდენიმე წუთში, რევოლუციის მთავარმა "დირიჟორმა", პაატა ბურჭულაძემ, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ შეუძლოდ იყო. სანამ მისი მოწოდებით წაქეზებული ადამიანები პოლიციის კორდონებს უტევდნენ, მსოფლიო ბანმა კლინიკის პალატაში გადაინაცვლა.
ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს პაატა მანჯგალაძემ, ირაკლი ნადირაძემ და მურთაზ ზოდელავამაც. ზოდელავა ტელეეკრანებიდან მოუწოდებდა მომიტინგეებს უკან არ დაეხიათ, თუმცა უკანდახევის საკუთარი ტრაექტორია წინასწარ კარგად ჰქონდა გათვლილი.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე წუთში ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები რეალობას შეეჯახნენ - გააცნობიერეს, რომ პასუხისმგებლობა გარდაუვალი იყო. ნადირაძე და ზოდელავა სამართალდამცველებმა იქვე, პარლამენტის წინ დააკავეს.
კანონის აღსრულება გაგრძელდა კლინიკაშიც და საცხოვრებელ მისამართებზეც - პაატა ბურჭულაძე სამართალდამცველებს საავადმყოფოში დახვდა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე კი პოლიციამ სახლებში აიყვანა.
4 ოქტომბრიდან 7 თვის თავზე, ვერშემდგარი რევოლუციის ავტორებისთვის განაჩენის დრო დადგა. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
სხდომათა დარბაზში ყველა ბრალდებული იმყოფებოდა ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. საბოლოო სიტყვის უფლებით ყველამ ისარგებლა. პირველი კვლავ პაატა ბურჭულაძე იყო, თუმცა ამჯერად მისი სცენა არა თავისუფლების მოედანი, არამედ სასამართლოს დარბაზი აღმოჩნდა.
განაჩენი მკაცრია - პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძეს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. თორნიკე მჭედიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 5 წლის გატარება მოუწევთ. ძებნილ შაიშმელაშვილს კი სასამართლომ თავისუფლება 2 წლით აღუკვეთა.
"მშვიდობიანი რევოლუციის" სახელით შეფუთული ხელისუფლების დამხობის გეგმა ჩავარდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს სამართალდამცველების ეფექტური მუშაობის შედეგია. 4 ოქტომბრის მოვლენები მედიასთან სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გაიხსენა. 4 ოქტომბერს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
კანონდარღვევაზე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს - სცენაზე მდგომმა "ავტორებმაც" და შემსრულებლებმაც. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს მთავრობის მეთაური.
ფაქტია, ვერშემდგარი ამბოხის ორგანიზატორებმა ვერც ვერავის "დატყვევება" შეძლეს და ვერც პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება - პირიქით, თავად აღმოჩნდნენ საკუთარი რადიკალიზმის ტყვეობაში. პაატა ბურჭულაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო წლებს ტრიბუნის ნაცვლად გისოსებს მიღმა გაატარებენ.