საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეაფასა.
მისი განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს უკვე სამართლებრივი საფუძვლით გამყარდა.
"უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ამ პირების ბრალეულობა დამხობის ორგანიზების საკითხში და კიდევ ერთხელ მიეცა უკვე სამართლებრივი შეფასება იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა. აქამდე თუკი იყო პოლიტიკური შეფასებები ჩვენი მხრიდან და დღევანდელი დღიდან, ჩვენ უკვე გვაქვს მყარი სამართლებრივი სასამართლოს დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვქონდა საქმე 4 ოქტომბერს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, როდესაც საქმეს სამართლებრივი შეფასება მიეცა, პარლამენტის თავმჯდომარე, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებიდან 7 თვის თავზე, ევროპარლამენტარებისგან, განსაკუთრებით კი, საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან, აღნიშნულ საქმეზე პასუხების გაცემას მოითხოვს.
"დავუბრუნდეთ 4 ოქტომბერს და გავიხსენოთ თუ რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა - დღეს თუ გაირკვა ვის აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის ორგანიზებაში, ჩვენ აქამდეც ვიცოდით და ასეც რჩება თუ ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის ძალადობაზე და ეს გახლავთ ბრიუსელი. ეს არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც 4 ოქტომბრის მომზადების პროცესში, როდესაც ვიხილეთ ევროკომისიის მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებული ძალადობის მიმართ, ისე 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როდესაც პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, ევროპარლამენტარები - რასა იუკნევიჩიანე და სხვა მსგავსი ქართველი ხალხის მიმართ მტრული გეგმების მქონე ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლების დამხობას, მათ შორის გახლდათ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც ძალადობას პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა.
ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს უკვე გამყარდა სამართლებრივი საფუძვლით. ჩვენ გვაინტერესებს კიდევ ერთხელ პასუხი ევროკავშირისგან - სად არის ის ღირებულებითად და რა არის ის ევროპული ღირებულება, რაზეც გვესაუბრებიან ხოლმე. ძალადობაა ევროპული ღირებულება? ხელისუფლების დამხობა, ადამიანების დაზიანება ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხები უნდა გასცეს ევროკომისიამ. მისი წარმომადგენელი გახლავთ ევროკავშირის ელჩი, ამიტომ მისგან მოველით და ვითხოვთ პასუხს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
კერძოდ, აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს, მის სასახლეზე მათ მიერ წაქეზებული და გამხნევებული ადამიანების თავდასხმის გამო და აპირებს თუ არა პირადად, პაველ ჰერჩინსკი ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტის იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან 7 თვის თავზე, ერთხელაც კი არ დაგმო ის ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე, პრეზიდენტის, რომელიც გახლავთ ნებისმიერი ელჩის უპირველესი მასპინძელი ამ ქვეყანაში. როცა ასე იქცევიან, მასპინძელს არაფრად აგდებენ, ძალადობას აქეზებენ და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, ეს არ არის ევროპელობა,"- აცხადება პაპუაშვილი.