08 ივნისი 2026,   07:49
ვრცლად
პოლიციამ თბილისში თითქმის მილიონი ლარის ღირებულების კოკაინის რეალიზაცია აღკვეთა - დაკავებულია აზერბაიჯანის 32 წლის მოქალაქე, რომელიც ნივთიერებას ნაქირავებ ბინაში ინახავდა

1 კილოგრამამდე კოკაინი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გასაყიდად დაფასოებული, პოლიციამ ერთ-ერთი ბინიდან ამოიღო. ნარკოტიკი იმ სახლში ინახებოდა, სადაც აზერბაიჯანის მოქალაქე ქირით ცხოვრობდა.

კოკაინის კვალზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა. "კურიერისთვის" საპოლიციო ღონისძიების დეტალები გახდა ცნობილი. აზერბაიჯანის მოქალაქე საკუთარი სახლის სადარბაზოსთან გაჩხრიკეს. ახალგაზრდა მამაკაცს ჯიბეში დაფასოებული კოკაინი ედო. ამის შემდეგ, საგამოძიებო ქმედებებმა უკვე მის ნაქირავებ ბინაში გადაინაცვლა.

ბინაში, კოკაინის გარდა, ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პარკები, ჩამკეტები და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო სპეციალური ჭურჭელი ინახებოდა.

აზერბაიჯანის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედება ბრალად.

კოკაინის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. იყვნენ თუ არა ნარკოდანაშაულის სქემაში სხვა პირებიც ჩართულები, ამას პოლიცია დაადგენს.

1 კილოგრამამდე კოკაინის საქმეზე დღეს შინაგანს საქმეთა სამინისტროში განცხადებაც გაკეთდა.

აზერბაიჯანის მოქალაქეს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები