06 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი შონია შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, იგი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში ბესიკ ჯიქურაული მუშაობდა, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საბანკო სექტორში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტში.

ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.

დღის ამბები