06 აგვისტო 2026,   13:01
ვრცლად
მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გეკა გელაძის ნაყოფიერ საქმიანობაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ფორმალიზებული სახით შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც მანამდე სხვა პოზიციიდან ასრულებდა.

"ეს გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკას ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება. მისი ლობირებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა სამსახურის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ აისახება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. მინდა, ოფიციალურად წარმოგიდგინოთ სამსახურის ახალი ხელმძღვანელი - ბატონი გეკა გელაძე. მინდა, ხაზი გავუსვა უამრავ ცვლილებას, რომლებიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა და თქვენ იცით, რამდენად დიდი იყო ბატონი გეკას წარმატებები სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით. ხშირად ვსაუბრობთ რთულ მიმართულებებზე, მაგალითად, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასევე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა.

პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პოლიტიკა და ამის შედეგებს ხედავს საზოგადოება. მე მინდა, მას მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება. ის ახალი არ არის ამ სამსახურში, შესაბამისად, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

ზოგადად, როდესაც საუბარია ჩვენს სახელისუფლებო გუნდზე, ორი კრიტერიუმია ჩვენთვის განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება. ამ შემთხვევაშიც, როდესაც მიიღებოდა საკადრო გადაწყვეტილებები, ეს ორი კრიტერიუმი იყო განსაკუთრებული ყურადღებით მხედველობაში მიღებული მთლიანად გუნდის მიერ. დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები