დედაქალაქის ბიუჯეტი 84 000 000 ლარით გაიზარდა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე, 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. განახლებული დოკუმენტი დაახლოებით 2 592 000 000 ლარს შეადგენს.
ცვლილებები მოიცავს მერიის სტრუქტურების, გამგეობებისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებით მოთხოვნებსა და თანხების გადანაწილებას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა მიჰყვება იმ მიმართულებებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი დედაქალაქის გამგეობებს და სწორედ ეს გამგეობები მუშაობენ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მიიტანონ დედაქალაქის მოქალაქეებთან. ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით ხდება გარკვეული ცვლილებები, - ისეთი მძიმე დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა კიბო, მოხდება გარკვეული სკრინინგის პროგრამების შემუშავება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქუჩებისთვის სახელების დარქმევის თაობაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის ცხოვრებისთვის," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე.