საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება "ხალხის ძალაში" კონსულტაციები, შემდგომ ჩვენი კონსულტაციები გაიმართება "ქართულ ოცნებასთან." ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის მიზანი გახლავთ უკეთესი საქართველო, ვიდრე არის დღეს და, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ თუკი რაიმე იქნება საკრიტიკო, ამას ჩვენ არ ვერიდებით. ამავდროულად, როცა ვხედავთ, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, უსაფრთხოების გაზრდიდან გამომდინარე, რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, ბუნებრივია, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც საქართველოს სჭირდება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებენ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. მომავალ კვირას იგეგმება სუს-ის ახალ ხელმძღვანელად გეკა გელაძის არჩევაც. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს - ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. მთავრობას ეყოლება მესამე ვიცე-პრემიერიც რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება.