06 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას, მისი დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში კი სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს - არჩილ გორდულაძე

მამუკა მდინარაძე პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა რჩება ძალოვან უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციაში. პარლამენტიდან სუს-ში, ახლა კი სუსი-დან მთავრობაში. ცვლილებები იქნება კანონშიც და მინისტრთა კაბინეტშიც. მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება, მას ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც, რაც მის პოლიტიკურ წონას უფრო ზრდის.

ამასთან, მდინარაძეს კანონით აღარ ეკრძალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკვე საჯაროდ შეუძლია დაიცვას საკუთარი პარტიის ინტერესები, გააკრიტიკოს ოპოზიცია, ან ჩაერთოს პოლიტიკურ დებატებში.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას და მისი დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში სხვა ძალებით აღავსებს მმართველ გუნდს:

"მთავრობა პარლამენტს მომართავს შესაბამისი კანონპროექტით, რომელიც უახლოესი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. სამივე მოსმენით, საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათ დღეს უკვე მიიღებს აღნიშნულ ინიციატივას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ცნობად მიიღებს. ის სისტემა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ბატონი მამუკა მდინარაძე, იქნება ორიენტირებული სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამავდროულად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან მომავალ საფრთხეებს შეეწინააღმდეგება. მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას, მისი დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში კი სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

სამთავრობო ცვლილებები პრემიერ მინისტრმა დღეს საღამოს გამოაცხადა.

დღის ამბები