18 ივნისი 2026,   13:13
ვრცლად
ორბანის 16 წლიანი მმართველობის დასასრული - უბრალოდ ახალი ლიდერი თუ ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორი იქნება პეტერ მადიარის მმართველობა უნგრეთში

უნგრეთი, 12 აპრილი. პოლიტიკური საათი, რომელიც ქვეყანაში 16 წლის განმავლობაში, ვიქტორ ორბანის რიტმში შეუფერხებლად მუშაობდა, პირველად გაჩერდა. ისარი ზუსტად 8 საათსა და 3 წუთზე იყინება - ეგზიტპოლების პირველივე მონაცემების გამოქვეყნებისთანავე ბუდაპეშტის ქუჩები ფეთქდება. რეალობა იცვლება.

მალე ხმები სრულად დაითვალეს, თუმცა 100%-ის გადამოწმების შემდეგაც კი, სურათი ისევ იგივე დარჩა. გაირკვა, რომ პეტერ მადიარს, პარლამენტში არამხოლოდ უმრავლესობა - არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ უნგრეთში არა უბრალოდ მთავრობა შეიცვალა, არამედ დაინგრა ეპოქა, რომელიც ბევრს ურყევი ეგონა.

გამარჯვება შედგა, ამ ტრიუმფმა კი ერთი კითხვაც გააჩინა - ვინ არის ადამიანი, რომელმაც ორბანის უძლეველი მანქანა დაამარცხა? დასავლელი ლიბერალი დისიდენტი? არა. პეტერ მადიარი ხომ თავად არის ორბანის პარტიის "ხორცისგან და სისხლისგან" შექმნილი პოლიტიკოსი. წლების განმავლობაში ის "ფიდესის" მმართველი ელიტის წევრი და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელიც კი იყო.

რეალურად პოლიტიკური ტრილერი მაშინ დაიწყო, როდესაც მადიარმა საკუთარი ცოლი, ორბანის ხელისუფლების იუსტიციის მინისტრი იუდით ვარგა, ფარულად ჩაწერა. აუდიოჩანაწერში, რომელიც მან საჯაროდ გამოაქვეყნა, ვარგა კორუფციულ სქემებსა და მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევაზე საუბრობდა. ამ ერთმა სვლამ მადიარი "შიდა სამზარეულოს კაცობიდან" მთავარ ოპოზიციონერად აქცია. მან დაწვა ხიდები და ორბანს, რომელმაც ის შექმნა, ომი გამოუცხადა.

მიუხედავად უმძიმესი პოლიტიკური ნოკაუტისა, ვიქტორ ორბანმა მარცხი აღიარა.

ბრიუსელს მადიარის გამარჯვებამ თავიდან შვება მოჰგვარა, თუმცა დასავლური მედია და ანალიტიკოსები მას უკვე უწოდებენ "პატარა ორბანს". ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ მადიარმა დაამარცხა ორბანის მთავრობა, მაგრამ ის ფრთხილად ბალანსირებს: რჩება ეროვნული ინტერესების დამცველ ფიგურად, რათა "ფიდესის" ყოფილი ამომრჩეველი არ დააფრთხოს. მისი პრაგმატიზმი უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით ევროკავშირისთვის მორიგი თავსატკივარიც შეიძლება გახდეს.

მსგავს ხისტ პოზიციას ინარჩუნებს ის ევროკავშირის გაფართოების საკითხშიც.

მადიარი ევროპას ახალ წესებს სთავაზობს - მეტი სუვერენიტეტი და ნაკლები ჩარევა ქვეყნების შიდა საქმეებში. მან ეს გზავნილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მისამართითაც გააჟღერა და შეფარვით ის პოლიტიკაც გააკრიტიკა, რაც რიგ ევროპულ სახელმწიფოებს ბოლო დროს აქვთ.

ქვეყნის შიგნით უპრეცედენტო მხარდაჭერით და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, პიტერ მადიარი პირობას დებს, რომ მისი პოლიტიკა იქნება პრაგმატული, ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთანაც ბუდაპეშტს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. ახლა მთავარი კითხვაა, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხალხის მიერ არჩეული პრემიერი პოლიტიკური განცხადებების მიღმა.

თუ ბრიუსელი ჯერ კიდევ აკვირდება მადიარს, ვაშინგტონში დასკვნები უკვე გამოიტანეს. ამერიკელი კონსერვატორებისთვის ორბანის მარცხი სერიოზული გეოპოლიტიკური დანაკარგია.

ბუდაპეშტის ქუჩებში ემოცია ნამდვილია. მადიარმა შეძლო ის, რაც გუშინ შეუძლებელი ეგონათ - მან ორბანის გუნდი დაამარცხა. თუმცა, "ფიდესის" ეპოქის დასრულება არ ნიშნავს უნგრეთის რადიკალურ ტრანსფორმაციას. პეტერ მადიარი უპირობო მორჩილი არ არის - ის არის უფრო ახალგაზრდა და ენერგიული ახალი ეროვნული ლიდერი, რომელიც ევროპასთან საკუთარი პირობებით აპირებს თამაშს. მთავარი კითხვაც ახლა ესაა: რეალურად შეიცვალა პოლიტიკა, თუ მხოლოდ სახელი პოლიტიკის სათავეში?

დღის ამბები