01 აგვისტო 2026,   22:25
ვრცლად
საპოლიციო ღონისძიება და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 11 პირი, რომელთა შორის, საქართველოს გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან

პოლიციის ყვითელი ლენტით ნარკოდანაშაულის ადგილია მონიშნული. ქვიშის ქვეშ გაკეთებული სამალავიდან 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს.

მალევე, პოლიცია მეორე სამალავის კვალზეც გავიდა, მცირე ზომის თხრილში ნარკოტიკი 20 შეკვრად, გასაყიდად გამზადებული იდო.

"კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკით სავსე სამალავების კვალზე სამართალდამცველები მას შემდეგ გავიდნენ, რაც 26 წლის მამაკაცი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულზე ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცი მუხიანის დასახლებაში შეაჩერეს და გაჩხრიკეს, ჯიბიდან გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ამოუღეს.

ამის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა და დაკავებულმა პოლიციას სამალავები თავად უჩვენა.

ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი საქმე გახსნეს სამართალდამცველებმა, საპოლიციო ღონისძიება ამჯერად ბათუმში ჩატარდა. 19 წლის მამაკაცი მეტადონის სამალავში დადებას აპირებდა, როდესაც დააკავეს. ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა კაცი აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა თავდაპირველად გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. აღმოჩნდა, რომ ის ჯიბეში სარეალიზაციოდ დაფასოებულ ნარკოტიკს მალავდა.

საპოლიციო ღონისძიება ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მიმდინარეობდა, "კურიერის" ინფორმაციით, 19 წლის მამაკაცის გეგმა ასეთი იყო: დაფასოებული მეტადონი სამალავში უნდა დაედო, შემდეგ ადგილისთვის ფოტო გადაეღო და კლიენტისთვის გადაეგზავნა.

არცერთ დაკავებულს ბრალზე პოზიციის გასაჯაროება არ სურს. უცნობია, აღიარებენ თუ არა დანაშაულს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 9 პირი დააკავეს. „მეტადონი“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“, „კეტამინი“ და „მდმა“ სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს. გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა. საქმეში სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნაპოვნი ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ ნარკოტიკის გაყიდვით აღებული თანხაც დევს.

დაკავებული 11 პირის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებაც გაკეთდა.

11 დაკავებულიდან საქართველოს გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები