საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ მხარდამჭერებთან ერთად წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იზეიმა. ეროვნული საარჩევნო ოფისის შედეგების თანახმად, "ტისა" 199-ადგილიან პარლამენტში 136 მანდატს მიიღებს და ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.
დუნაის სანაპიროზე მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვება თავად 45 წლის ოპოზიციონერმა ლიდერმაც აღნიშნა. უნგრეთის მმართველი პარტიის, "ფიდესის" ყოფილმა წევრმა და სავარაუდო მომავალმა პრემიერმა, ამომრჩეველს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან მიმართა.
მთავარ კონკურენტს გამარჯვება მალევე ტელეფონით მიულოცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის პარტია, წინასწარი შედეგებით, ხმების 38 პროცენტს იღებს და პარლამენტში 56 მანდატს მიიღებს. შედეგების გამოცხადების შემდეგ ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებსაც მიმართა.
წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენციაც გამართა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც.
პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, "ტისას" ლიდერმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ენერგომომარაგების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. მან აღნიშნა, რომ უნგრეთში "პროუკრაინული მთავრობა არავის სურს, პროუნგრული კი ყველას".
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ რეკორდულ ნიშნულს - 79,5 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
არჩევნები პრესკონფერენციაზე შეაჯამა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მაღალი აქტივობის ფონზე თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ფარგლებში და უნგრული მხარის მიწვევით, საარჩევნო პროცესს ქართველი კანონმდებლებიც აკვირდებოდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, კენჭისყრა ხარვეზების გარეშე გაიმართა.
უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმების საბოლოო დათვლა 18 აპრილამდე უნდა დასრულდეს, თუმცა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პეტერ მადიარს გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა არჩევნების შედეგებს ისტორიული უწოდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ევროკავშირს აძლიერებს.
მილოცვები მადიარმა მიიღო საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერებისგან. განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არის უნგრეთთან თანამშრომლობა გააღრმაოს.
პეტერ მადიარს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მან მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანსა და მის გუნდს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს.