საქართველო ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. გლობალური პრობლემებისა ფონზე, ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა გრძელდება. იმისთვის, რომ სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორს ხვდება და ზაფხულის სეზონისთვის კონკრეტულ მიმართულებებს განიხილავს.
შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. მხარეებმა გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე დისკუსიის დროს, ტურისტულ ბაზრებზე დაგეგმილ ერთობლივ აქტივობებზე ისაუბრეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის ჩართულობით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად, დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საინტერესო მიმართულების პოზიციას არ თმობს. სექტორის მეტად განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორთან ერთად, ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს.