მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
კომპანია "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის განცხადებით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადება პლასტმასის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც 4 წლით გადავადდა, საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
"ის ალტერნატიული წინადადება, რომელიც, ჩვენ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ყველაზე საუკეთესოა, არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება შესაფუთი ნარჩენებისთვის. ის, რომ ტოტალური აკრძალვა მომხდარიყო მომავალი წლიდან, ეს ინდუსტრიისთვის ძალიან დიდ უარყოფით ეფექტებს გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად, მათ შორის სოციალურად და ჯამში გამოიწვევდა იმას, რომ შემცირდებოდა ადგილობრივი წარმოება, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა, გადასახადები და ა.შ. თუმცა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი, იმისთვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ მომავლისთვის," - აცხადებს კომპანია "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.