"ამ შემთხვევაში, რეალურად, ჩვენ დაგვეთანხმა სააკაშვილი იმაში, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლობა, უბრალოდ დაყოფილები არიან", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს და აფასებს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.
როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, არავის აქვს იმედი, რომ ალიანსი რამეს მიაღწევს.
"როგორც ჩანს, სააკაშვილსაც უნდა დავეთანხმოთ რაღაც-რაღაცებში. ის, რომ ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" ლიდერი ჰგონია თავი, ფორმალურად არ არის, მაგრამ ნაწილი აღიარებს და ნაწილი არ აღიარებს. მთავარია, რომ ის ჯგუფი, ამ 8 თუ 9 პარტიის გაერთიანება, რომელიც შეიქმნა და რომელზეც არავის არ აქვს იმედი, რომ რაღაცას მიაღწევს, ამხილა თავად მათმა იდეურმა ბელადმა - სააკაშვილმა და თქვა, რომ მის ხარჯზე რატომ არსებობს ან "ნაცმოძრაობა" და ან მისი სატელიტი პარტიებიო. ამ შემთხვევაში, რეალურად, ჩვენ დაგვეთანხმა სააკაშვილი იმაში, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლობა, უბრალოდ დაყოფილები არიან. დანარჩენი - ვის ხმებზე ვინ პარაზიტობს, ეს მათი გადასაწყვეტია, საქართველოს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.