სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიუსაფარ ცხოველებს აძინებენ ან კრემატორიუმში წვავენ, განცხადება გააკეთა ორგანიზაცია Animal project-ის თანადამფუძნებელმა ნათია ჩიქოვანმა. მისი თქმით, აუცილებელია დადგინდეს, რა მიზეზით და რამდენი ცხოველის ლიკვიდაცია მოხდა სახელმწიფოს მხრიდან.
"საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით ლეშის დაწვაზე, რადგან ღამის 12-საათიდან დილის 7 საათამდე კვამლი არ გამქრალა, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ცხოველები, რამდენი ცხოველი და რატომ იქნა ლიკვიდირებული, რა იქნა მათი სიკვდილის მიზეზი", - აცხადებს ნათია ჩიქოვანი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მთავარი წყარო ცხოველთა უფლებადამცველების ვიდეოები და მოსაზრებებია.
"ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ, რომ არასწორად ტარდება - ცხოველთა უფლებადამცველების ვიდეოები და მათი მოსაზრებები არის [ინფორმაციის] მთავარი წყარო. ეს ისეთი თემაა, რომელიც პარტიული თემა არ გახლავთ. აღშფოთდა, უბრალოდ, ხალხი, როდესაც ასეთი რამ ნახა", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, მიუსაფარ ცხოველებზე გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. უწყებამ შემოწმება ჩაატარა, რის შედეგადაც რაიმე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების - მათ შორის, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის მიზნით ხდება, რის შემდეგაც ისინი ისევ ძველ გარემოში ბრუნდებიან.