საქართველო "აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საფრანგეთის ქალაქ ლილში მოაწერა.
ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ გახსნა, სერიალების საერთაშორისო ფესტივალის (Series Mania) ფარგლებში გაიმართა. Series Mania ლილში 2018 წლიდან ტარდება და მასში, 75 ქვეყნიდან, კინოინდუსტრიის სფეროს 5000-მდე პროფესიონალი მონაწილეობს.
კონვენციაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე აღებული ვალდებულების შესრულების კუთხით.
ამ კონვენციით ევროსაბჭო პირველად ამკვიდრებს მრავალმხრივ სტანდარტებს სერიალის ფორმატში შექმნილი ნაწარმოებებისთვის.
კონვენციაზე ხელის მოწერით მნიშვნელოვნად გაძლიერდება საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ შემოქმედებით ინდუსტრიასთან და გამარტივდება ევროპულ პლატფორმებთან, საპროდიუსერო კომპანიებსა და ტელეარხებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება.
კონვენციაზე ხელმოწერა მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული საპროდიუსერო კომპანიების შესაძლებლობებს, რათა მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები, ჩაებან მაღალბიუჯეტიან საერთაშორისო პროექტებში და მოახდინონ ქართული კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში ირაკლი ყურაშვილი.