სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე პარაძიუდოს "მსოფლიოს თასს" დაესწრო.
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პარაძიუდოს "მსოფლიოს თასი" გაიმართა. ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც +95 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ქართველმა პარაძიუდოისტებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს, აქედან ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.
ჩემპიონობა J1 კატეგორიაში საბა ბაღდავაძემ (-81 კგ) იზეიმა, ამავე კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალი გიორგი გამჯაშვილმა (-70 კგ) მოიპოვა.
J2 კატეგორიაში ჩემპიონობა რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (+95 კგ) გახდა, ამავე კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (-70 კგ) და ლევან გუგავამ (-81 კგ) მოიპოვეს.
ტურნირს, მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი, პარალიმპიური კომიტეტის სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.