09 აგვისტო 2026,   15:13
ვრცლად
მდუმარე საქართველო პატრიარქს ემშვიდობება - სიონი ილია II-ის მარადიულ სახლად იქცა

როგორც მას სურდა - სიონის საპატრიარქო ტაძარი დღეიდან ჩვენი პატრიარქის მარადიული სახლია. სიონის მდუმარებას მგალობელთა გუნდი არღვევს.

სულიერ მამას ბოლო გზაზე ასიათასობით ადამიანი აცილებს. ყველაზე მძიმე წუთიც დგება - მგლოვიარე საქართველოს დაკრძალვის მოახლოებას მეუფე შიო ამცნობს. მეუფე უწმინდესსა და უნეტარესს ბოლო შენდობას სთხოვს.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ბევრი სათქმელი აქვთ - ერთადაც და ცალ-ცალკეც. ბევრი სათქმელი აქვს მდუმარე საქართველოსაც.

სინოდის გადაწყვეტილებით, გამოსამშვიდობებელი სიტყვით პატრიარქს უხუცესი მღვდელმთავარი ანანია მიმართავს. ისევ დუმილი - უკანასკნელი წუთების ათვლა იწყება. ატირებული დაცვა მას პირველი ეთხოვება.

მღვდელმთავრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ერი და ბერი - მუხლმოდრეკილი პატრიარქის წინაშე. ასეთი ჩუმი და უხმო ტკივილი სიონს არ ახსოვს.

პატრიარქის ხმა დაკრძალვამდე კიდევ ერთხელ ისმის. სულიერ შვილებს კვლავ ახსენებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა - "საქართველო მიყვარხარ"!

2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

"გვიყვარხარ პატრიარქო" - სწორედ ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრამდე მთელი პერიმეტრი სამხედრო მოსამსახურეებს ეკავათ, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.

დაკრძალვამდე, სიონის ტაძარში დასვენებისას, აღევლინა უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

დღის ამბები