მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი დაუგროვდა - მუნიციპალური თავშესაფრის უხუცესი, 92 წლის წევრი საკუთარ ისტორიას "კურიერის" კამერასთან იხსენებს. ნანული კაპანაძე ნახევარი საუკუნე ემსახურა მედიცინას. ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, როდესაც საცხოვრებელი სახლი დაეწვა და ღია ცის ქვეშ დარჩა.
ლილოში მდებარე მუნიციპალურ თავშესაფარს 116 ბენეფიციარი ჰყავს. კვება, პირადი მოხმარების ნივთები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტები, ყველა საჭირო სერვისი მათთვის უფასოა. თავშესაფრის მობინადრეებთან მუშაობენ ფსიქოლოგები და სოცმუშაკები. საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მათთვის ეწყობა სპეციალური აქტივობები.
თავშესაფარი 240 ადამიანზეა გათვლილი. მიუსაფართა სახლში მოხვედრა მიმართვის საფუძველზე ან საპატრულო პოლიციის დახმარებითაა შესაძლებელი. ერთადერთი პირობა, რასაც ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს დედაქალაქში რეგისტრაციაა.
ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები დედაქალაქის მერიის პრიორიტეტული მიმართულებებია. 4 მილიონი დაფინანსებული განაცხადი, 30-ზე მეტი პროგრამა, რომლითაც წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი თბილისელი სარგებლობს. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მოქალაქეების მხარდაჭერას მომდევნო წლებშიც განაგრძობს.
2026 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური თავშესაფრის დასაფინანსებლად დედაქალაქის მერიას 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.