პანკისელი ქისტები
კავკასიონის ძირში, პატარა ხეობაში ლოცვას მზის ამოსვლისთანავე იწყებენ. ამ დროს თითქოს დროც ჩერდება და ეს ადამიანებიც ღმერთთან მდუმარებაში იკარგებიან.
მუსლიმ ქალებსაც და მამაკაცებსაც საერთო სალოცავი აქვთ, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ლოცულობენ, ადათმა და წინაპრებმა საუკუნეების წინ ასე განუსაზღვრეს.
პანკისის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია – მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი, საინტერესო ისტორიით, ადათ-წესებითა და განსაკუთრებული თანამედროვეობით.
პანკისის ხეობაში მდინარე ალაზნის ნაპირს, უზარმაზარი მთები დასცქერის. ნისლში სახლები დროდადრო ქრებიან და ეს ადგილიც კიდევ უფრო მისტიკური ხდება.
პანკისელების ყოფას რელიგია და მთის ადათი განსაზღვრავს, აქ ქისტებმა საუკუნეების წინ რომ ჩამოიტანეს. ეთნიკური ჩეჩნები საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გადმოვიდნენ და პანკისის ხეობის სოფლებში დასახლდნენ. ისინი ვაინახურ სუბეთნოსს წარმოადგნენ. ვაინახი ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს აერთიანებს, ასევე, პანკისელ ქისტებსა და წოვა თუშებს (ბაცბებს).
პანკისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკურად ქისტი მუსლიმია. მათი წინაპრების პანკისის ხეობაში ჩამოსახლება ჩეჩნური თემებიდან ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან დაიწყო. XIX საუკუნეში უკვე ინტენსიურად იწყება ჩეჩენი და ინგუში ოჯახების შემოსვლა. ჩეჩენი ლტოლვილები საქართველომ ჯერ კიდევ პირველი დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში მიიღო. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ლტოლვილი 1990-2000-იან წლებში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს შემოვიდნენ.
პარასკევია ხეობაში მცხოვრები ადამიანებისთვის საკრალური დღე. უქმე დღე. სოფელ დუისში ძველი მეჩეთის გვერდით პატარა ოთახში მუსლიმი ქალები იკრიბებიან და წრეზე პატარა ბალიშებზე სხდებიან.
კრიალოსნებით ხელში ჯერ ლოცულობენ, შემდეგ ლოცვა სიმღერაში გადადის. გრძელ კაბებში გამოწყობილი თავსაფრიანი ქალები მალევე იწყებენ ტრიალსა და წრეზე სიარულს. ტრანსიდან მალევე გამოდიან, ზიქრის სუფისტური რიტუალი პანკისელი ქისტების იდენტობის ნაწილია, თუმცა მისი შემსრულებლების რიცხვი სულ უფრო მცირდება. რაისა მარგოშვილი, 33 წელია ამ უძველეს რიტუალს უძღება.
ზიქრის რიტუალი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნიდან ჩნდება, ჩეჩნეთსა და პანკისშია შემორჩენილი. მას ქალები და კაცები ცალ-ცალკე ასრულებენ.
სუფიზმს, ისლამის მისტიკურ პრაქტიკას, კავკასიაში სხვადასხვაგვარი გამოვლინება აქვს, იმის გათვალისწინებით ვინ ქადაგებდა მას. ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მასწავლებელი იყო კუნტა-ჰაჯი კიშიევი, ჩეჩენი რელიგიური განმანათლებელი და ქადირიას (სუნიტური ორდერი, რომელიც დაარსდა ერაყში) მიმდევარი. იმ დროში, როდესაც ცოტა ადამიანმა იცოდა ყურანის ფსალმუნები და რელიგიური პრაქტიკები, იგი ასწავლიდა ისლამსა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფილოსოფიას ჩრდილო კავკასიაში რუსეთის შემოჭრის პირობებში. კუნტა-ჰაჯიმ დააარსა სუფისტური ზიქრი, რომლის მთავარი არსი ღმერთის გახსენების რიტუალია.
პანკისელი სუფისტები ნაზმსაც ასრულებენ. ეს არის წმინდა სიმღერები, რომლებიც მნიშვნელობისა და მიზნის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს ზიქრის ნაწილი ან ცალკე სრულდებოდეს.
რაისა მარგოშვილი: რომ მოვდივართ ღმერთსა ვთხოვთ რომ იყოს მთელ მსოფლიოში მშვიდობა. მიცვალებულზე რომ მივდივართ, მიცვალებულის სულისთვის ვთხოვთ, რომ ცოდვები აპატიოს, სამოთხეში ამყოფოს. ამ რიტუალს ასრულებენ ქალებიც და მამაკაცებიც, სასაფალოზე ქალებს მისვლა გვეკრძალება, წინათ ახლომდებარე ტერიტორიაზეც მივდიოდით და ასე ვასრულებდით ზიქრის რიტუალს, ახლა მხოლოდ სახლებში ვლოცულობთ გარდაცვლილის სულისთვის.
მხოლოდ პური და წყალი რომ მქონეს, მაინც ამას ავირჩევდი, ერთადერთი მინდ, საქართველო და საქართველოს მიწა–წყალი. მე დავიბადე საქართველოში და მინდა, საქართველოში დავიმარხო.
სტუმართმოყვარე და პატიოსანი ხალხი ვართ ქისტები.
უხუცეს პანკისელ ქალებს სალაპარაკო და მოსაყოლი ბევრი აქვთ, ჩეჩნეთზე, კავკასიურ ტრადიციებსა და ძველ პანკისზე, რომელიც მათ მეხსიერებას შემორჩა. იმ ყველაფერზე, რაც ისტორიული სამშობლოდან ჩამოიტანეს.
მუსლიმი ქალების ქისტურ გალობას იქვე, მდგარ ძველ მეჩეთში მამაკაცების ლოცვა ენაცვლება.
პანკისში მცხოვრები სუნიტი მუსლიმები დღეში ხუთჯერ ლოცულობენ, ყოველ ჯერზე განბანვის რიტუალს ატარებენ. ლოცულობენ 123 წლის მეჩეთში, რომელიც პირველი სალოცავია, ამ ხეობაში რომ აშენდა. ზიქრის რიტუალს მამაკაცებიც ასრულებენ, სასაფლაოზე, როცა მიცვალებულს კრძალავენ.
პირველი მეჩეთი პანკისში. დუისი. 1902 წელი.
გურამ მარგოშვილი: 200 წლის წინ გადმოსახლდნენ ჩვენი მამა–პაპები აქ, ჩვენ მივყვებით ისლამურ რელიგიას. მამაკაცები და ქალები ცალ–ცალკე ვლოცულობთ, მეჩეთში შესვლამდე ფეხზე უნდა გავიხადოთ, ლოცვამდე უნდა შევასრულოთ განბანვის რიტუალი. როცა ვლოცულობთ, თავზე ვიხურავთ, ტიბეტეიკს ვეძახით ჩვენ მას. ქისტები ძალიან ყოჩაღი, კარგი ხალხია.
პანკისში მცხოვრებ მუსლიმთა შორისაც რამდენიმე მიმდინარეობაა: სუნიტები, რომლებიც მკაცრად მისდევენ ყურანის წესებს, შემდგომ პრაქტიკებს კი თავდაპირველი რწმენიდან გადახრად თვლიან და სუფისტები, რომლებიც თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრებად მიიჩნევენ.
დუისის ახალ მეჩეთში ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებიან. პანკისის იმამი გვიყვება იმ წესებზე, რომლის დაცვასაც მათ რელიგია ავალდებულებს. ყურბან- ბაირამი მუსლიმების მთავარი დღესასწაულია. სიტყვა ,,ყურბანი’’ მომდინარეობს არაბული სიტყვა „კარაბა“– საგან, რომელიც ნიშნავს დაახლოებას, ღმერთთან დაახლოებას.
აბდულ ღაფური, პანკისის იმამი: ისლამის მიმდევრები ალკოჰოლურ სასმელს არ სვამენ, სიგარეტს არ ეწევიან და მკაცრად ასრულებენ ყველა იმ წესს, რომელიც ყურანში წერია.
ქისტებისთვის ხეობაში ჩასული სტუმარი ყველაზე პატივსაცემია. დუისში, ერთ ქისტურ ოჯახში მივდივართ. მაია მარგოშვილი ბაღის მენეჯერია, 25 წლის წინ პროექტი დაწერა და გაეროს დუისში ბაღი ააშენებინა. პანკისში ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ჩამოვიდა და ახლაც აქ საქმიანობს.
მაია ქავთარაშვილი: სტუმარი ჩვენთვის არის ღმერთისგან მოვლენილი. მას პატივი უნდა სცე, უნდა გაუმასპინძლდე. უნდა დაიცვა საფრთხისგან. სტუმრის უპატივცემულობა –ეს ქისტებში მიიჩნევა, ერთ–ერთ დიდ წესდარღვევად. მნიშვნელოვანია ქსიტებისთვის ღირსება, სიტყვაზე დგომა და სამართლიანობა.
ხეობის მცირერიცხოვან ქისტ მოსახლეობას მთის ადათებთან და ტრადიციებთან ერთად თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული ჩეჩნური ენა.
ქართული ენა ხეობაში თითქმის ყველამ იცის, თან უზადოდ. მშობლები შვილებს ბაღის ასაკიდანვე ასწავლიან.
მაია ქავთარაშვილი: მე ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო. მე მაქვს ორი სამშობლო –საქართველო და ჩეჩნეთი. მე დავიბადე საქართველოში, აქ ავიდგი ფეხი და საქართველოზე ძვირფასიც არაფერი არ მყავს, ნებისმიერ ქართველს შევეჯიბრები საქართველოს სიყვარულში. ჩვენ საქართველოს პატრიოტებს ვზრდით. დაიწყო პირველი ომი ჩეჩნეთში, მას მერე გადმოვედით საქართველოში, მას მერე ჩეჩნეთი– ჩემი მეორე სამშობლო არ მინახავს.
ეამაყებათ, რომ საქართველოში ცხოვრობენ და მათი წინაპრები კახეთს ლეკების შემოსევისგან იცავდნენ. დღემდე ხელმძღვანელობენ მთის ადათით და სამართლის კოდექსით. სადავო ამბის გადასაწყვეტად ხეობის უხუცესთა საბჭოს მიმართავენ.
პანკისში წლებთან ერთად შეიცვალა ქალების ყოფაც. ქალს ეკრძალება სახლიდან გარეთ თავსაბურავისა და გრძელი კაბის გარეშე გასვლა. საინტერესოა გათხოვებისა და ქორწილის ტრადიციაც. შეიცვალა ქორწილებიც. თუ ადრე ცეკვა და სიმღერა ქორწილის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა ამის ნახვა მეტწილად შეუძლებელია.
მაია ქავთარაშვილი: ქისტურ ქორწილში არავითარ შემთხვევაში ნეფე არ არის, პატარძალი ზის ხოლმე სუფრასთან და დაქალები უსხედან გვერდით, მეტი არავინ. მამაკაცის ყოფნა იქ არ შეიძლება. ოჯახებში პატრიარქალური მოელია, თუმცა ქალსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის, ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ქალები არიან დასაქმებულები, ქისტი ქალები სხედან საჭესთან.ოჯახებში ხშირად ჩეჩნურ ენაზე საუბრობენ. თუმცა, დედები ბავშვებს პატარაობიდან ასწავლიან ქართულ ენას, აქ ყველამ იცის ქართული ენა, არცერთი ადამიანი არ არის, რომ ხეობაში ქართული ენა არ იცოდეს.
პანკისში ნაადრევი ქორწინების ტრადიციაც იყო, რაც დროსთან ერთად შეიცვალა. ქისტური სამართლის კოდექსის უკანასკნელ რედაქციაში ახლა წერია, რომ „კატეგორიულად იკრძალება 18 წლამდე ასაკის ქალიშვილის გათხოვება. მიუხედავად ქალისა და მშობლების თანხმობისა. 18 წლამდე ასაკის ქალიშვილის ცოლად შერთვა სახელმწიფო კანონითაც დასჯადია. ამ მუხლის ამოქმედებაზე პასუხისმგებელნი არიან სასულიერო ლიდერები.
ქისტური სამზარეულო
ჩეჩნური სამზარეულო ფართო და მრავალმხრივია. ჩეჩნური სამზარეულოს საფუძველია: ხორცი, პრასი, ყველი, გოგრა და სიმინდი. ქისტური კერძების ძირითადი კომპონენტებია ცხარე სანელებლები, ხახვი, ველური ნიორი, წიწაკა და მწვანილი. ქისტების ტრადიციული კერძია ჯიშ–გალანიშ, გამხმარი საქონლის ხორცი და ცომისგან მომზადებული –ლეკურაშ– სიმინდის ჭადი, რომელსაც ქისტები ხარშავენ და ერბოხაჭოთი მიირთმევენ. ჭინჭრისგან ამზადებენ ხაჭაპურსა და ხინკალს. გამორჩეულია ტკბილეულიც, ადგილობრივები მიირთმევენ ჰალვას.
ჩეჩნური სამზარეულო ფართო და მრავალმხრივია. ჩეჩნური სამზარეულოს საფუძველია: ხორცი, პრასი, ყველი, გოგრა და სიმინდი. ქისტური კერძების ძირითადი კომპონენტებია ცხარე სანელებლები, ხახვი, ველური ნიორი, წიწაკა და მწვანილი. ქისტების ტრადიციული კერძია ჯიშ –გალანიშ, გამხმარი საქონლის ხორცი და ცომისგან მომზადებული –ლეკურაშ– სიმინდის ჭადი, რომელსაც ქისტები ხარშავენ და ერბოხაჭოთი მიირთმევენ. ჭინჭრისგან ამზადებენ ხაჭაპურსა და ხინკალს. გამორჩეულია ტკბილეულიც, ადგილობრივები მიირთმევენ ჰალვას. ჩეჩნური ფოლკლორი საკმაოდ მრავალფეროვანია. მღერიან სამშობლოზე, ომზე, ბუნებაზე, სატრფიალო და სახუმარო სიმღერებს, რომლებიც თაობიდან თაობაზე გადასვლისას სახეს იცვლის, მაგრამ ჯერჯერობით შენარჩუნებულია ხასიათი. დიდი მსგავსებაა ქართულ, განსაკუთრებით კი თუშურ ფოლკლორთან. უკანასკნელ წლებში ქართული და ჩეჩნური ცეკვები კიდევ უფრო შეერია ერთმანეთს და საცეკვაო მუსიკის სინთეზიც მოხდა.
როცა ღამდება, ისევ ისევ ლოცვის დრო მოდის. ხეობის მუსლიმი ქალები და კაცები ისევ ცალ-ცალკე ილოცებენ. ისევ ორი სამშობლოსთვის და ერთი ნატვრით- რომ იყოს მშვიდობა!