ირანის სამხედრო რესურსის სრულ განადგურებაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ამტკციებს, რომ ირანს აღარც საჰაერო ძალები აქვს და აღარც საჰაერო თავდაცვა და ირანის პოლიციასა და გვარდიას დანებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
განვითარებული მოვლენებით კმაყოფილია ისრაელის პრემიერ-მინისტრი. თუმცა ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მათ მოკავშირეებთან გაერთიანებული ძალებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.
ომის ექსპლუატატორად მოიხსენია ირანი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. კაია კალასის თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში განურჩევლად ყველა ქვეყანაზე თავდასხმით კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს.
თავის მხრივ სახმელეთო ომისთვის მზადყოფნას გამოთქვამს თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნა მათი მხრიდან არ არსებობს.
„ჩვენ შევძელით მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და მსოფლიოს უძლიერესი არმიის პირისპირ დგომა. სწორედ ეს გავაკეთეთ აქამდე, მათ ვერ შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა. ჩვენ არ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ. მათთან ორჯერ გვქონდა მოლაპარაკება და ორივეჯერ პროცესის მიმდინარეობის დროს ისინი თავს დაგვესხნენ. ირანი ელოდება და მზადაა წინ აღუდგეს შეერთებული შტატების სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას. ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ არსებობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათთან დაპირისპირება და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება. ჩვენ მოვემზადეთ ნებისმიერი სცენარის, ნებისმიერი მოვლენის, ნებისმიერი შესაძლებლობის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და ვიცით, რომ ამის მოგვარება შეგვიძლია“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.