მმართველი გუნდი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში თინა ხიდაშელს ადანაშაულებს, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში არალეგალურად ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, საქართველოს მტრობის და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების მორიგი დასტურია.
რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ? - თინა ხიდაშელი არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც წერილობით შეტყობინებებს პასუხობს და მხოლოდ გარკვეულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობს. სწორედ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა ხიდაშელმა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, რომლის რექტორიც აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე იყო.
ეს განცხადება, მმართველი გუნდისთვის არა უბრალოდ დეზინფორმაცია, არამედ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ მსგავსი მოღალატეობრივი ქმედება, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
ხიდაშელის განცხადებაზე ოპოზიციის ნაწილს საუბარი არ სურს, ნაწილმა კი რეგიონში არსებული საომარი მოქმედებების ფონზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომლის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის დაზიანებაა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გარედან დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან, მსგავსი რიტორიკა უცხო არ არის და არც თინა ხიდაშელის სიტყვები გაჰკვირვებიათ. საქართველოს ფარგლებს გარეთ საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოში ამ შინაარსის განცხადების გაკეთება, მმართველი გუნდისთვის ქვეყნის მტრობის ტოლფასია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადების მიღმა, მმართველი გუნდი უცხო ძალების კვალს ხედავს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თინა ხიდაშელი საქართველოში სწორედ მათ ინტერესებს იცავს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.