"ნაციონალური მოძრაობა" და მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან შემდგარ ალიანსს არ უერთდება "ლელო" და "საქართველოსთვის." პოლიტიკურ გუნდებში განმარტავენ, რომ ერთობისა და მათი ხედვები ერთმანეთს არ შეესაბამება.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაციის ავტორი და მასზე პასუხისმგებელი "ნაციონალური მოძრაობა" იყო.
"ჩვენ შეგვიძლია ვრცლად ვისაუბროთ ამ პარტიების და მათი ლიდერების პოლიტიკურ რადიკალურ წარსულზე. თავი რომ დავანებოთ ამ ღრმა წარსულს და უახლესი პერიოდი რომ შევაფასოთ, არჩევნების ბოიკოტი, რაზეც ჩვენ მათ კითხვა დავუსვით- რა იქნებოდა მათი გეგმა ბოიკოტის შემთხვევაში? ამ კითხვას რომ გაექცნენ, სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ ყველაფერს 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაცია. ეს პარტიები არიან ისინი, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
განმარტება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.
"რაიმე დამატებითი შეთანხმების მონაწილედ არ ვაპირებთ რომ ვიყოთ, იმიტომ რომ ახლა ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სხვა გამოწვევები არსებობს, რომელსაც უფრო უკეთ გავუმკლავდებით ჩვენი დამოუკიდებელი ბრძოლით,“ - აცხადებს გიორგი სიორიძე.
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან შემდგარი პარტიები მორიგი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას გეგმავენ. იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომელიც ერთობაში ყველა სუბიექტს ეპატიჟება.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გიგა ბოკერია იკავებდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს, ნიკა გვარამია გენ-პროკურორის, გიორგი ვაშაძე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიგი წერეთელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ელენე ხოშტარია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ჯაფარიძე კი "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი.