მაშინ, როდესაც ოფიციალური ლონდონი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დემონსტრაციული ზომების მიღებით არის დაკავებული, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა ბრიტანული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. კვლევის მიხედვით, თავად ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.
გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ რუსეთი ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას სწორედ ბრიტანული კომპანიების დახმარებით ახერხებს. საუბარია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური ოპერაციები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განხორციელდა. დოკუმენტში მოყვანილია ექსპერტების შეფასებაც, რომლებიც თვლიან, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბრიტანეთის ელჩის სამინისტროში დაბარების დროს, ბრიტანული კომპანიების რუსეთთან ვაჭრობის საკითხსაც შეეხნენ და ელჩს კითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს მას რუსეთთან ბრძოლასთან.
"ამ 40 წუთის განმავლობაში, ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ. ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ასეთი მასალები არსებობს, რომლებიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მედიაშიც და საერთაშორისო კვლევებს ეფუძნება. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, ეს აჩენს კითხვებს, ჩვენ არ გვეშინია ამ კითხვების დასმის და ვსვამთ კითხვას - რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს მას რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან, რომ ებრძვიან რუსეთს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.