ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან ეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების შრომითი ინტერესები.
პრემიერის განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები. საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა.
აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყანა შრომითი მიგრაციის სფეროში, თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას.
"შრომითი მიგრაციის სფეროში, თვისებრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას ქვეყანა. ის, რაც ქაოსურად წესრიგდებოდა, შემოდის ერთგვარი წესრიგი, წესრიგი, რომლის მეშვეობითაც შრომითი რესურსების უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესი იწყება პირველი მარტიდან.
ამ კუთხით, სამზადისიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა გვქონდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის აქტიური თანამშრომლობა იმიტომ, რომ დასაწყისიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღსრულების პროცესზე თვალყურის დევნება სრულფასოვანი იმისთვის, რომ სადაც საჭირო იქნება შემდგომი განმტკიცება სისტემის ყველა ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღებოდეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.