08 ივნისი 2026,   12:37
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია - საქართველოს პროკურატურამ მთავარ ბრალდებულებად გურამ და დავით კაკულიები, ასევე ბესარიონ ჟვანია დაასახელა

2021 წლის 14 ივლისი, სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი - კადრში ჩანს, რომ გურამ და დავით კაკულიები, ბესარიონ ბუსა ჟვანია და გიორგი კავილაძე სომხეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთას ცდილობენ. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ძმებმა კაკულიებმა დაგეგმეს და დააორგანიზეს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა ბუსა ჟვანიასთან ერთად. რომელმაც უწყების ცნობით, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა მოეკლათ კვარაცხელია ძმებ კაკულიების შეკვეთით,

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ძმები კაკულიები, ბუსა ჟვანია და გიორგი კავილაძე 20:19 საათზე საბაჟო გამშვები პუნქტის შენობიდან უკან გამოდიან, რადგან საზღვარს ვერ კვეთენ და სომხეთის მიმართულებით ბრუნდებიან. იგივე სცენარი მეორდება 2021 წლის 17 ივლისსაც.

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა კაკულიებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ 2021 წლის ივლისში გადმოკვეთეს. საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის დღემდე გურამ და დავით კაკულიები კონსპირაციულ შეხვედრებს ბესარიონ ბუსა ჟვანიას ოჯახის კუთვნილ სახლში აწყობდნენ.

სახლში კონსპირაციულ შეხვედრებს უარყოფს ნინო ქადაგიძე ჟვანია. "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმესთან მის შვილს, ბუსა ჟვანიას კავშირი არ აქვს.

პროკურატურის ინფორმაციით კი, 2021 წლის 15 სექტემბერს, 11:21 საათზე, ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებმა - ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მას შემდეგ, რაც სწორედ ბუსა ჟვანიას სახლი დატოვეს, კვარაცხელიას საცხოვრებლისკენ გაემართნენ, ჩასაფრება მოუწყვეს და სახლიდან გამოსულს აედევნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკოლოზ კვარაცხელიას არაერთხელ ესროლა.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მსჯავრდებულები არიან და მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვთ. დავით და გურამ კაკულიები კი, მათი უფლებადამცველის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებას უარყოფენ.

ნიკოლოზ კვარაცხელიას დედა დარწმუნებულია, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, შეკვეთილი მოტივით. იზა ომაძე ახლა ელოდება, რას იტყვიან ძმები კაკულიები და ბესარიონ ბუსა ჟვანია.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელს იხდიან. ბესარიონ ჟვანია კი საქართველოში არ იმყოფება. მასზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა.

ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. ის კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დღის ამბები