საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა პირველი აპრილიდან აიკრძალება. რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მანქანების იმპორტზე. ის არ ეხება უკვე შემოყვანილ ავტომობილებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც გარემოს დაბინძურებას და გამონაბოლქვს მოაქვს. ეს არის ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
ექიმ პულმონოლოგის, ოთარ გაბრიჭიძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება გლობალური პრობლემაა, რომელიც პროგრესირებს და მისი შემცირების ტენდენცია ნაკლებად არის გამოხატული.
"ჰაერის დაბინძურება გლობალური პრობლემაა, რომელიც, სამწუხაროდ, პროგრესირებს და მისი შემცირების ტენდენცია ნაკლებად არის გამოხატული. აღნიშნული პროცესები გამოწვეულია სხვადასხვა აირის, აეროზოლის, ქიმიური თუ ბიოლოგიური მოლეკულის უკონტროლო გამოყოფით გარემოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ყველაფერი ვლინდება განვითარებად ქვეყნებში. აღნიშნული პროცესი სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე მნიშვნელოვან როლს ჩამასობს. ჩვენი ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემა მეტ-ნაკლებად რეაგირებს, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა რესპირატორული სისტემის მხრივ გამოვლინებები. შეიძლება მოხდეს ფილტვის ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბების დაჩქარება ან პროგრესირება. აგრეთვე, სხვადასხვა რესპირატორული დაავადების გამოვლინება", - განაცხადა ოთარ გაბრიჭიძემ.